“მამას გავხარო რომ მეტყვიან, ჩემი თავი მეცოდება”-ემოციური პოსტი მამაზე

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი მამას ემოციურ პოსტს უძღვნის.
“მამას გავხარო რომ მეტყვიან, ჩემი თავი მეცოდება…
დიდი უსირცხვილო კაცია მამაჩემი.
დევნილობის პირველ წელს, იმ უპურობასა და უღონობაში, დედაჩემმა ოქროს საყურე მოიხსნა და მამას უთხრა – გაყიდეო – წავიდა ესეც, ქალაქის რომელიღაც ნესტიან მიწისქვეშა გადასასვლელში დადგა და გაყიდა.
დღემდე ვერ მიპატიებია, რომ მამაჩემმა პურის გამო სიყვარული გაყიდა.
აი, ეგრე, უსირცხვილოდ.

უსუსური კაცია მამაჩემი.
ჩემი დღიურების წაკითხვის შემდეგ, მეგონა, მიწიდან ამოთხრიდა ჩემს მაჭირვებელს და დედამიწიდან გააქრობდა…
მაგრამ მამაჩემმა მოწევას უმატა და ჩემი სუნთქვის სადარაჯოდ, ჩემს ოთახში გადმობარგდა თავის ტახტიანად.

უცნაური კაცია მამაჩემი.
უსახლკაროდ დარჩენილებს ერთი ოთახი მოგვცეს ბაგებში.
იქ მისულს, ქვრივი ქალი დახვედრია ბავშვებით. მამაჩემს კიდევ ბინის გამანაწილებლისთვის უთქვამს – მე მაინც არ მეყოფა ეგ ერთი ოთახი და ამ ქალს მიეცითო…
მთელი ოჯახი გავებუტეთ მაშინ.
– რა “საცოდლება” გამიჩენიხარო დილამდე ქოთქოთებდა ბებიაჩემი.

სასაცილო კაცია მამაჩემი.
ომიდან მობრუნებულმა, მეომრების ტრაბახით გულშეწუხებულმა, ვის რა და რანდენი ქონება დარჩა აფხაზეთში – სრული სერიოზულობით თქვა:
– თორმეტი წყვილი შარვალ-კოსტიუმი დამრჩა გარდერობში დაკიდებულიო.
არადა, საერთოდ არ ჰქონდა მამას შარვალ-კოსტიუმი.

მატყუარა კაცია მამაჩემი.
მთელი ცხოვრება ატყუებდა ჩემს ძმას, შენ რომ დაიბადე, ცა გავაწითლე, იმდენი ვისროლეო.
ლაბრაში იბრძოდა მაშინ მამა.
ბოლოს გამოუტყდა, სანგარში ჩავჯექი და ვიტირე სიხარულით, სად გვქონდა ტყვია-წამალი, ცის გასაწითლებელიო…

და როცა საცოდავად იდგა მამაჩემი ჭირისუფლად ჩემი ძმის ცხედართან, თვალებით მატყუებდა – არ მოვკვდები, ნუ გეშინიაო.
მოკვდა იმ დღეს მამაჩემი, უბრალოდ არავის გაუგია ჩემს გარდა, იმიტომ რომ მიწის გოროხები ეცემოდა ძმის კუბოს და დასწყევლოს ღმერთმა, რანაირი მშრალი მიწა იცის აქეთ.
იმ ხმაურში ჩუმად მოკვდა მამაჩემი.

ტყუილებს ახლაც ოსტატურად განაგრძობს მამაჩემი.
იტყუება – თითქოს ღუმელის დანთება უყვარს და ამიტომ დგება სისხამ დილით, რომ არავინ დაასწროს…
არადა, თბილ ოთახს გვახვედრებს.
ერთხელ ვუსაყვედურე, ყავა აღარ მომიდუღო, შენ ტკბილს სვამ-მეთქი და მას შემდეგ მატყუებს, რომ თითქმის უშაქრო ყავას სვამს თვითონაც და მერე ჩუმად იმატებს შაქარს თავის ჭიქაში.

ჰოდა, როცა მეუბნებიან, რომ მამას ვგავარ, მეცოდება ჩემი თავი…
რამდენი ტყუილის თქმა მომიწევს, ვიდრე მეც მასავით ჩუმად არ მოვკვდები …”, – წერს პოსტის ავტორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები