ჩინეთის პროვინცია შენსიში პოლიციელებმა 79 წლის ქალი გადაარჩინეს, რომელიც სამი დღის განმავლობაში დამარხული იყო საჭმლისა და წყლის გარეშე. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მოხუცის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებს ინფორმაცია მისმა რძალმა მიაწოდა – 5 მაისს. მან სამართალდამცავ უწყებაში განაცხადა, რომ 2 მაისს მისმა ქმარმა დედამისი ავტომობილში ჩასვა და სადღაც წაიყვანა, დილით კი მარტო დაბრუნდა და ცოლს განუცხადა, რომ დედა ნათესავებთან გაამგზავრა.
დაკითხვისას მამაკაცმა აღიარა, რომ დედა სასაფლაოზე წაიყვანა, ჩააგდო მიტოვებულ საფლავში და მიწით ამოავსო. ქალს ფეხები პარალიზებული ჰქონდა, ამიტომ მან დამოუკიდებლად ამოსვლა ვერ შეძლო.
როდესაც სამართალდამცავები მითითებულ ადგილზე მივიდნენ, გაიგეს ყვირილის ხმა. შესაბამისმა სამსახურებმა მიწის ამოთხრა დაიწყეს და მალევე მიაღწიეს ცოცხლად დამარხულ მოხუცამდე. ამ დროისათვის, მოხუცი საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვაჟი დაჭერილია, მას მკვლელობის მცდელობის მუხლოთ ედავებიან.