მაია ასათიანი 2015 წელს სკანდალით დაიწყებს

ეს წელი მაია ასათიანისთვისგანსაკუთრებული გამოდგა. გარდა იმისა, რომ ”პროფილი”, უკვე მერამდენე წელია, წარმატებით გრძელდება, ტელეწამყვანს კიდევ ერთი საქმიანობა შეემატა – ის ახალი არხის, ”მარაო რუსთავი 2”-ის დირექტორია. მასთან არამხოლოდ საქმიანობაზე ვისაუბრეთ.

– 2014 მოვლენებით დატვირთული წელი იყო და პიროვნულად ძალიან შემცვალა. ჩემი ახლობლები ამბობენ, რომ გარეგნულადაც შევიცვალე. ფუნდამენტური წელი იყო კარიერის კუთხით, ცხოვრებისეულად კი დიდი გამოცდილება მივიღე და აბჯარი ავისხი. ამ წელმა ბევრ რამეზე ჩამაფიქრა, 37 წლის ასაკში საკუთარ თავში ახალი თვისებები აღმოვაჩინე.
სიმართლე გითხრათ, როცა ვფიქრობდი ამ მომენტზე, ანუ 2014 წლის დეკემბრის ბოლო დღეებზე, შიშით ვუყურებდი. ზოგადად, მიყვარს გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ნახელავის შეფასება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს თავი გავართვით. დიახ, ძალიან ბედნიერი და სავსე ვარ. არ დავიწყებ ტრაბახს, რადგან ეს საქმეს ვნებს, მაგრამ რაც მიზნად მქონდა დასახული, შევასრულეთ. ახლა არავინ კითხულობს, რა არის ”მარაო”. ჩვენი გადაცემები მცირებიუჯეტიანია, მაგრამ მუდმივად არის სალაპარაკო და საჭორაო თემა. ეს თქვენი ჟურნალის დამსახურებაც არის. მინდა, უღრმესი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის.
ახალი სეზონიდან მეორე ეტაპი იწყება ”მარაოს” ცხოვრებაში. ბადეს დაემატება რამდენიმე სტუდიური გადაცემა. გვექნება ქართული ტელესივრცისთვის სუპერყვითელი შუადღე. მას წაიყვანენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალბატონები. ერთ ძალიან სკანდალურ პროექტსაც ვამზადებთ, რომელსაც გაუძღვება სამი ყველაზე სკანდალური მამაკაცი. დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამ გადაცემაში ისეთ რაღაცებს იტყვიან და გააკეთებენ, რომ მთელ შოუბიზნესს შეაზანზარებს, თუმცა ზღვარს არ გადავა და არ იქნება უხამსი.
ჩვენი რეიტინგით ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ უნდა გავაორმაგოთ. ჩვენს ეთერში ცხრა საათზე გადის სერიალი ”პატარა პატარძალი”, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს. დავამატებთ ახალ ინდურ სერიალს.
– ”პროფილისთვის” გრჩება დრო?
– სულ მეშინოდა, რომ ”მარაოში” ჩემი საქმიანობა ”პროფილს” არ დასტყობოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ახლა ვარ ყველაზე დაღლილი და გამოფიტული.
– გავიგე, რომ ერთი გადაცემის ჩაწერისას ცუდად გამხდარხარ.
– მართლაც მოხდა ასეთი შემთხვევა, თუმცა, საბედნიეროდ, მალე შევძელი ფეხზე დადგომა. ეს არის გადაღლის ბრალი. ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, ფიზიკურად ოდნავ უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. მოკლედ, მედარდებოდა ”პროფილის” ამბავი, მაგრამ ბოლო სეზონით კმაყოფილი ვარ, რადგან გვქონდა ბევრი, ძალიან აქტუალური სოციალური თემა. გადავწყვიტეთ, რომ ზოგ შემთხვევაში დგება მომენტი, როდესაც საზოგადოებას მხოლოდ ტაშ-ფანდური არ უნდა შესთავაზო. მეამაყება და ძალიან მიხარია, მადლობას ვეტყვი მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად არის ასეთი ტიპის ”პროფილის” დროსაც.
– ბოლო დროს ”პროფილს” აკრიტიკებენ, რომ ძალიან ხშირად გყავთ ერთი და იგივე სახეები.
– არასდროს ვგეგმავთ გადაცემას ხელის ცეცებით, აბა, ვინ მოვიყვანოთ სტუმრადო. ყველა ”პროფილი” მზადდება სკრუპულოზურ კვლევაზე დაყრდნობით. პარასკეობით, როდესაც რეიტინგები მოგვდის, ვნახულობთ, რომელ სტუმრებს აქვთ ყველაზე კარგი რეიტინგები წუთების მიხედვით და მათ შემდეგ კვლავ ვეპატიჟებით. ალბათ, გახსოვთ, ადრე გვყავდა რესპონდენტები ხშირად და დღეს მათ აღარ ვიწვევთ. თუკი ადამიანი ხშირად სტუმრობს ჩემს გადაცემას, ე.ი. ის არის რეიტინგული რესპონდენტი.
– ყველაზე რეიტინგული რესპონდენტი ვინ არის?
– აქ თემის შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევა, გვყოლია რესპონდენტი, შემდეგ სხვა გადაცემასაც წაუყვანია და გაჰკვირვებიათ, რატომ არ დაანგრია რეიტინგები. ”პროფილის” მთავარი ნიშა, ადამიანური ისტორიების შესახებ, არის ყველაზე რეიტინგული, სადაც ცნობილი ადამიანები საერთოდ არ მონაწილეობენ. თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარს ლალი მოროშკინა, ლალი ბადურაშვილი, ოთო ფოლადაშვილი,… ყველაზე რეიტინგულ თემად კი შემიძლია დაგისახელოთ სიყვარულის ამბები.
– საახალწლო თემაზე გადავინაცვლოთ.
– გოზინაყისა და ნაძვის ხის შესახებ უნდა მკითხო, ხომ (იღიმის). მიყვარს, როცა სახლში დგას მოხალული ნიგვზისა და თაფლის სურნელი, ამიტომ ვცდილობ, გოზინაყი მაინც ჩემით მოვამზადო. ”მარაოში” დიდი საახალწლო ფართისთვის ვემზადებით. ეს ახალი წელი ამითიც იქნება განსხვავებული. საინტერესო საახალწლო პროგრამა გვექნება ”მარაოზე”, ყველა გადაცემას ექნება საახალწლო გამოშვება, მაგალითად, შორენა თავის ქმრებთან ერთად ”გაატარებს” ახალ წელს, ბაკურიანში, ძალიან ლამაზ სასტუმროში. გარდა ამისა, უკვე იცით, რომ გვაქვს ცენტრალური საახალწლო გადაცემა, რომელიც 31 დეკემბერს ”მარაოზე” გავა, პირველ იანვარს კი – ”რუსთავი 2”-ზე.
– შენს საახალწლო ტრადიციებზე მინდა გკითხო.
– მე, როგორც ძალიან მეოცნებე ბავშვს, 10 წლამდე სერიოზულად მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. დედაჩემი კი ძალიან მოხერხებულად და ეშმაკურად აწყობდა ჩემთვის წინასწარ გამზადებულ საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ, სანამ ფეიერვერკებს ვუყურებდი. მხვდებოდა ის საჩუქარი, რაზეც მართლა მთელი სულითა და გულით ვოცნებობდი. ასე რომ, ყველა ახალ წელს სასწაულის განცდით ვხვდებოდი. როდესაც გავიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, საოცარი იმედგაცრუება დამეუფლა. არ ვიცი, დამებედა თუ ასე ხდება, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ხვდება, ჩემი შვილის გარდა, რეალურად რა საჩუქარი გამიხარდება. საუკეთესოდ მახსოვს ახალი წელი, როცა 9 წლის გავხდი და თოვლის ბაბუის ბოლო საჩუქარი მივიღე – თოჯინა, რომელიც ძალიან მინდოდა.
– შენთვის საჩუქრის შერჩევა, ალბათ, რთულიცაა.
– საჩუქარს არანაირი ფინანსური თუ ნივთიერი ღირებულება არ აქვს, ეს ჩემმა გამოცდილებამ აჩვენა, მთავარია ემოცია. 15 წლის რომ ვიყავი, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა, რომელსაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ყოველდღე 100 წითელი ვარდი მოჰქონდა. სახლში რომ შემოხვიდოდი, ბაღი გეგონებოდა. ემოციურად ეს ძალიან მავსებდა.
– ახლა რა გსურს?
– არასდროს არ ვოცნებობ ნივთებზე. რომ ვთქვა, თქმას რა აზრი აქვს (იღიმის)?
– გინდა, რომ თავისით მიხვდნენ? მგონი, ისევ გჯერა სანტა კლაუსის.
– ეს, ალბათ, კარგი არ არის, მაგრამ ის 10 წლის ბავშვი, რომელსაც სასწაულების სჯერა, ჩემში დღემდე ცოცხლობს. მერე ხშირად მწყდება გული და იმედგაცრუებული ვრჩები, თუმცა ახლა უკვე ამასაც ვუმკლავდები.
– შენი შვილი, ნუცა, არის ჩართული საახალწლო სამზადისში?
– ნუცა უფრო პრაგმატული ადამიანია, ამიტომ ჩვენს წყვილში მე უფრო ვარ ბავშვი, ვიდრე ნუცა. მე უფრო მიხარია, დავქრივარ მაღაზიებში, ვყიდულობ სადღესასწაულო მორთულობებს, საჩუქრებს. ის კი იცინის.
– 31 დეკემბრის ღამეს რაიმე ტრადიცია გაქვს?
– მე და ნუცა ბოლო წლებია, ამ დღესასწაულს მყუდრო გარემოში, მარტო ვხვდებით. ზოგადად, იმდენად მღლის ღამის თენება სამუშაოზე, რომ სხვებთან შედარებით, ადრე ვწვები. ახალ წელს კი ყველაზე მეტად არ მიყვარს დიდი სუფრები, ერთი და იგივე საჭმელი ყველა ოჯახში, საცივისა და გოზინაყის დაძალება და მერე საცივში ძილი და 31 დეკემბერს დაწყებული თრობის 14 იანვარს დამთავრება. არ მომწონს მიდგომა, რომ ახალ წელსა და შობას მხოლოდ უნდა ჭამო. ჩემთვის ასე არ არის. ეს დღესასწაულები ზღაპარსა და ოჯახურ გარემოსთან არის დაკავშირებული, თუმცა მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დღესასწაული ნებისმიერ დღეს მოაწყოს და ეს გამიკეთებია კიდეც.
– 2015 წლისგან რას ელი?
– ამაზე უარესი ნუ მოხდება. ზოგადად, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ სურვილების ჩათქმა და ფუჭი ოცნება არ მიყვარს. მინდა, მე და ჩემი შვილი ბედნიერები ვიყოთ (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები