“მადლობა ყველა იმ მეხანძრე მაშველს, რომელმაც ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინა” – 3 შვილის დედის ემოციური პოსტი

რამდენიმე დღის წინ გლდანში, ერთერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრიდან მეხანძრეებმა სამი ბავშვი გამოიყვანეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ბავშვების დედა ეხმაურება:

„გამარჯობა, მეგობრებო! როგორც იქნა, მომეცა საშუალება, რომ პირადად ჩემი გვერდიდან მოგიხადოთ მადლობა. მე თამუნა ვარ – იმ ბავშვების დედა, რომლებიც საზარელ ხანძარს გადაურჩნენ. მართლაც სასწაულით გადამირჩინა ღმერთმა… მხოლოდ ღმერთმა იცის, რა საშინელებაც გავიარე და ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე, მაგრამ თქვენი თანადგომა და გულშემატკივრობა მაძლევს ძალას, რომ ეს ყველაფერი დავძლიო.

მადლობა ყველას ასეთი გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის. ასეთ გასაჭირში ადამიანი თუნდაც სიტყვით რომ გაგამხნევებს, მაგით ცოცხლდები და წარმოიდგინეთ, თქვენი ასეთი ყურადგება და დახმარება რამდენად მამხნევებს. მადლობა ყველა იმ მეხანძრე მაშველს, რომელმაც ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინა. მადლობა ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ნაცნობებსა და უცნობებს გვერდში დგომისთვის და, განსაკუთრებით, გლდანის მესამე მიკროს 87-ე კორპუსთან მდებარე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, ბატონ ზურაბს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის…

არც კი ვიცი, ჩემო საყვარელო ადამიანებო, როგორ გამოვხატო მადლიერება, რადგან სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავს სიტუაციაში ავღმოჩნდებოდი და ვერც ახლა ვაცნობიერებ, რაც ჩემს თავს ხდება და თუ რამე ისე ვერ გამოვხატე, როგორც საჭიროა, მომიტევეთ, მეგობრებო.. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – წერს ბავშვების დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები