მაგდა პაპიძე – მკვლელი, თუ მსხვერპლი?!

ალბათ შენიშნავდით, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან, ამოუცნობ და ყველას განხილვის საგანზე, თემაზე – ხმა არასდროს ამომიღია…

არა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა მეთქვა, არც იმიტომ, რომ ამ თემაზე დებატებს გავურბოდი, იმიტომაც არა, რომ არ ვფლობდი ინფორმაციას…

არ შემიძლია, ამ თემაზე მშვიდად ვისაუბრო, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ტრაგედიაა, ძალიან დიდი ტრაგედია, მრავალი გაგებით:

  1. იმიტომ, რომ მაგდას ქმარ-შვილი გარდაცვლილია და დღემდე არ შემიძლია დავიჯერო და გავიგო ქალის ფსიქოლოგია, რომელმაც ქმარ-შვილი მოკლა;
  2. იმიტომ, რომ პაპიძეს უკვე მიესაჯა სამუდამო პატიმრობა და ეს საკმარისია, სრულიად ზედმეტია ხალხის მიერ მორალის კითხვა, ტალახის სროლა – დაე, კანონმა განსაჯოს!
  3. იმიტომ, რომ პაპიძის განსჯის დიაპაზონი ყოველგვარ საზღვრებს გასცდა, დაწყებული მისი საღეჭი რეზინიდან, დამთავრებული მაკიაჟით პროცესზე!
  4. იმიტომ, რომ აქამდე არცერთი მამაკაცი მსჯავრდებულის პირადი ცხოვრებით, ქორწინებამდე არსებული პარტიორების რიცხვით არ დავინტერესებულვართ და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ქალია! საშინლად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ მაგდას საცვლები სახეზე აგვაფარეს, როცა არცერთი მამაკაცი მკვლელის შემთხვევაში, მსგავსი რამ არ მომხდარა.
  5. იმიტომ, რომ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელიც მაგდას იცავს, ასევე უამრავი, რომელიც მის სამაგალითოდ სასჯას ითხოვს და ქვებს ესვრის და რეალურად, არცერთმა მხარემ არ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. ცუდია, როცა სხვისი უბედურება, მთელი თვის „გასართობად“ გვევლინება;
  6. იმიტომ, რომ პატარა ბავშვის და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება, პარალელურად მაგდას „გარდაცვალებაც“ – ნაცვლად იმისა, რომ სხვისი უბედურება გავიზიაროთ, რეიტინგის, შოუს დადგმის, სანახაობის წყარო გახდა და ფეხებზე გვკიდია ის ადამიანები, ვისთვისაც ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.
  7. იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ მამაკაცმა სასტიკი წამებით მოკლა ცოლი, დააჭრა ყურები, მიაყოლა მეორე მამაკაციც და ეს მხოლოდ ერთჯერადად განსახილველი თემა იყო, მაგდას კიდევ არ ვეშვებით და მთელი ზარ-ზეიმით აღვნიშნავთ, რომ მის შემთხვევაში „სამართალმა იზეიმა“.
  8. იმიტომ, რომ არ დარჩენილა საქართველოში ცნობადი თუ არაცნობადი სახე, ვინც არ დაგმო აღნიშნული ქმედება და ხალხის თვალში ქულები არ დაიწერა, სად იყავით მაშინ, როცა ქმრები ცოლებს კლავდნენ და კლავენ დღემდე?!

მალევე დავასრულებ: არ ვიცი, არც მაინტერესებს, არც მინდა ვიცოდე, არის თუ არა მაგდა მკვლელი, ვენდობი კანონს და ვთვლი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა – მაგდა ნამდვილად არის მსხვერპლი, საზოგადოებისაც და საკუთარი თავისაც.

ეს არის პირველი და უკანასკნელი კომენტარი, ამ მძიმე თემაზე, პირობას ვდებ, დღეიდან ნიუსსაც კი აღარ გავეცნობი პაპიძის საქმეზე.

http://www.guramsherozia.com/

კომენტარები

სხვა სიახლეები