მაგდა პაპიძეს დედამთილი მანქანას ედავება

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად საქმე ეხება იმ მემკვიდრეობას, რაც გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს დარჩა.

დავა მაგდა პაპიძის დედამთილმა, დარეჯან მინდიკაურმა წამოჭრა. ცოტა ხნის წინ, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველა იმ ნივთის მოშორება უნდა თავიდან, რომელიც მაგდა პაპიძეს რამენაირად უკავშირდება და ამისთვის მათი გაყიდვის იურიდიული უფლება სჭირდება. საუბარი ძირითადად იყო იმ ავტომობილზე, რომელშიც მაგდას და ომარის მცირეწლოვანი ვაჟი თორნიკე გარდაცვლილი იპოვეს.

– ჩემი ორი სიცოცხლე დამიბრუნონ და მანქანას კი არა, სიცოცხლეს დავუთმობ. არც მანქანა მაინტერესებს და არც ფული, უბრალოდ, იმასთან, რასაც ის ქალბატონი ეხებოდა, არ მინდა, საერთოდ რაიმე კავშირი მქონდეს. ამის გაყიდვის უფლება კი არ მაქვს, სანამ ზოგადად მემკვიდრეობას არ ავიღებ. სარჩელი ამასთან დაკავშირებით შევიტანე, – განმარტა მინდიკაურმა. ის ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ აკეთებს.

მაგდა პაპიძე დარეჯან მინდიკაურთან მანქანაზე დავას არ აპირებს. მასთან ციხეში იმყოფებოდა მისი ადვოკატი, ირმა ბრელიძე, რომლის თქმითაც, მაგდას სადაო არაფერი აქვს და არც ის ავტომობილი სურს, რომელშიც მისი შვილი გარდაიცვალა.

“სარკესთან” საუბარში პაპიძის ადვოკატი საქმეში ახალი გარემოებების გამოჩენას არ გამორიცხავს, რაც შესაძლოა, ბრალის გადასინჯვის საფუძველიც კი გახდეს:

“სარჩელი დარეჯან მინდიკაურმა შეიტანა. 6 თვის გასვლის შემდეგ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეები კანონით დადგენილ მემკვიდრეობას იღებენ. ავტომობილი, რომელშიც თორნიკე ქაფიაშვილი იპოვეს, სხვათა შორის, თავად დარეჯან მინდიკაურმა იპოვა. ის, გამოძიებას დალუქული ჰქონდა. ახლა ალბათ მანქანა თავისუფალია და თავიანთ სახელზე გადაფორმება მოუნდათ, მაგრამ ვერ გადაიფორმეს, რადგან ომარ ქაფიაშვილის სახელზე იყო.

როცა მაგდამ ეს მანქანა იყიდა, ომარის სახელზე გააფორმა, ომარის სურვილი ყოფილა ეს. ამაზე შეკამათებაც კი მოგვივიდა, მაგრამ წინააღმდეგობა აღარ გამიწევიაო, ამბობს მაგდა. ომარ ქაფიაშვილის მემკვიდრე კი მაგდა პაპიძეა. შესაბამისად ნოტარიუსი მაგდას თანხმობას მოითხოვდა, არადა მინდიკაურს ხომ შეეძლო, მე დამკავშირებოდა? მაგდა მას არც ერთ შემთხვევაში წინააღმდეგობას არ გაუწევდა”, – აცხადებს პაპიძის ადვოკატი.

ირმა ბრელიძის თქმით, მაგდა პაპიძე ქონებაზე დავას არ აპირებს. რაც კი მისი შეძენილია, უნდა, რომ დარეჯანმა დაწვას. თორნიკე, ომარი არ არსებობენ, გარდაცვლილები არიან, ამიტომ ჩემთვის ქონება არაფერს წარმოადგენს, თუ მისთვის მნიშვნელოვანია, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით მიიღოს, მე ნუ მეკითხეობაო, ამბობს მაგდა. რაც შეეხება ავტომობილს, ომარ ქაფიაშვილის ნაყიდი ნამდვილად არ არის. ის პაპიძეს დედამ, ლიანა შამუგიამ უყიდა. მე და ჩემს დას, ორივეს მანქანა გვიყიდაო, ამბობს მაგდა, თუ არ ვცდები ორივეს ერთი და იმავე მარკის ავტომობილი ჰყავდათ.

წყარო:http://digest.pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები