ლუ დელუზი — პატარა ვარსკვლავი დიდი სცენიდან

საფრანგეთის ახალგაზრდა ვარსკვლავი და საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული

თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საფრანგეთის წარმომადგენელმა, ლუ დელუზმა, ემოციური ბალადით – „Ce Monde“ („ეს მსოფლიო“) პირველი ადგილი მოიპოვა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ლუ დელუზის შესრულებამ თავისი სისუფთავითა და არტისტიზმით საბავშვო ევროვიზია 2025 ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად აქცია. გამარჯვების შემდეგ kvira+ დაინტერესდა, ვინ არის კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა ფრანგი შემსრულებელი და რა ისტორია დგას მისი წარმატების უკან.

ბიოგრაფია და ოჯახური გარემო

ლუ დელუზი 2014 წლის 23 მარტს საფრანგეთში, ილე-დე-ფრანსის რეგიონში დაიბადა. მისი ოჯახის შესახებ ინტერნეტ სივრცეში მწირი ინფორმაციაა გავრცელებული. ცნობილია, რომ ლუ მუსიკოსების ოჯახში, მუსიკალურ გარემოცვაში გაიზარდა, რამაც მისი შემოქმედებითი ინტერესები ადრეული ასაკიდან განსაზღვრა.

ლუს მამა სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატია, რამაც თავად მომღერლის თქმით, ხელოვნებასთან მისი კავშირი ადრეული ასაკიდან კიდევ უფრო გაამყარა. ახალგაზრდა ხელოვანი სიმღერებს თავადაც წერს, უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე.

პირველი ნაბიჯები ეკრანზე და სცენაზე

ლუ ძალიან პატარა ასაკიდან იყო ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. შვიდი წლის იყო, როდესაც რამდენიმე ფრანგულ კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სრულმეტრაჟიან ფილმში – „მწვანე სურნელი“ („Le Parfum vert“, 2022), ნიჭიერი გოგონას შესრულებით მედია მაშინ პირველად დაინტერესდა…

მუსიკაში კი ფართო აუდიტორიის ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ მიიქცია, რაც გამოჩნდა პოპულარულ სატელევიზიო შოუში — „საფრანგეთს დაუჯერებელი ნიჭი აქვს“, სადაც შთამბეჭდავი გამოსვლით მაყურებელს თავი დაამახსოვრა.

გზა საბავშვო ევროვიზიამდე

ლუსთვის ევროვიზიის სცენაზე გამოსვლა წელს მეორე მცდელობა იყო და გასული შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად გაუმართლა. 2025 წელს საფრანგეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იგი შიდა შერჩევის გზით ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლად დაასახელა.

სიმღერა „Ce Monde“ — „ეს მსოფლიო“

ლუ დელუზის საკონკურსო სიმღერა – „Ce Monde“ („ეს მსოფლიო“) ემოციური ბალადაა და მნიშვნელოვანი გზავნილით გამოირჩევა — ტექსტსა და მუსიკაში “ისმის” როგორც ახალგაზრდების შფოთვა დღევანდელი სამყაროს მიმართ, ასევე იმედის, თანადგომისა და ცვლილების სურვილი. სიმღერა სპეციალურად ლუსთვის შეიქმნა.

სიმღერის ავტორები არიან ჯონ კლესი, ჯონათან ტისენსი და ლინი.

კონკურსზე ლუს გამოსვლა გამოირჩეოდა სუფთა ვოკალითა და ემოციური ინტონაციით.ევროვიზიისთვის შერჩეული კოსტიუმი, მისი მინიმალისტური და ელეგანტური სტილი კი სიმღერის ემოციურ განწყობას ზუსტად მოერგო.

გამარჯვება და პირველი კომენტარები

გოგონას გამარჯვებას საფრანგეთში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ განცხადებებში ითქვა, რომ ლუს წარმატებით საფრანგეთმა საბავშვო ევროვიზიაზე უკვე მეოთხედ გაიმარჯვა და ლიდერ ქვეყნებს შორის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

კონკურსის დასრულების შემდეგ, ლუ დელუზი ფრანგულ ტელეეთერში გამოჩნდა, საქართველოს თბილი მასპინძლობისთვის  განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სცენაზე გამოსვლისას სურდა, მაყურებლისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ხედავს თანამედროვე ბავშვი დღევანდელ სამყაროს და როგორ სჯერა მისი უკეთესი მომავლის. მისივე თქმით, ძალიან ბედნიერი და მადლიერია, თუმცა ეს გამარჯვება მას დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

შესაძლოა, “სამყაროს შეცვლა” ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ ლუ დელუზმა ამ გზაზე თავისი გულწრფელი და ძლიერი ნაბიჯი უკვე გადადგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები