ლუვრი და გალერეა უფიცი Pornhub-ს ეროტიკული ონლაინ-გიდის გამო უჩივიან (ვიდეო)

პარიზის ლუვრმა და ფლორენციის გალერეამ „უფიცი“ პორნოსაიტ Pornhub-ს პროექტ Classic Nudes-ის გამო საჩივრის წერილებით მიმართეს. ამის შესახებ The Daily Beast-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პორნო-მსახიობები მსოფლიოს უმსხვილესი მუზეუმების ონლაინ-გიდებში შესულ ხელოვნების ნიმუშებს „აცოცხლებენ“. თუმცა იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, მუზეუმის ნებართვის გარეშე ექსპონატების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება აკრძალულია.

„არავის გაუცია ნებართვა ჩვენი ხელოვნების ნიმუშების გამოყენებაზე. ეს სტანდარტული პროცედურაა, თუმცა ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნებართვას გავცემდით“, – ნათქვამია გალერეა „უფიცის“ განცხადებაში.

მუზეუმი პორნოსაიტს სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადების“ მიხედვით გადაღებული ვიდეოს წაშლას სთხოვს. ასევე მოიქცნენ ლუვრში.

„Pornhub-მა უკვე მიიღო შეტყობინება ჩვენი იურისტებისგან. ველით, რომ მათი ნამუშევრები დაუყოვნებლივ წაიშლება“, – ნათქვამია ფრანგული მუზეუმის განცხადებაში.

ამასთან ორივე მუზეუმი სასამართლო სარჩელებს ამზადებს საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ.

Pornhub-ის ახალი პროექტის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. Classic Nudes-ი მაყურებელს ონლაინ-ექსკურსიაზე დასწრებისა და მუზეუმებში იმ ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების საშუალებას აძლევს, რომლებზეც შიშველი სხეულებია გამოსახული. პროექტის ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი ინიციატივა ადამიანებს დააბრუნებდა მუზეუმებში, რომლებიც პანდემიის დროს ვერ მუშაობდნენ.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები