ლოს ანჯელესის კინოფესტივალზე გამარჯვებულ ქართველ სცენარისტს ვიზაზე უარი უთხრეს – “დაინტერესდნენ, ფესტივალი თუ მაფინანსებდა”
ქართველი სცენარისტის, მედეა კურტანიძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი – “ჰიპნოზის გავლით”, ფესტივალზე – Los Angeles Cinema Festival of Hollywood პირველ ადგილზე გავიდა, როგორც საუკეთესო სცენარი.
ფესტივალის წარმომადგენელმა ქართველ გამარჯვებულს 6 ივლისს დაჯილდოებაზე დასასწრებად მიწვევა გამოუგზავნა, თუმცა, მედეა კურტანიძეს ამერიკის საკონსულომ გამგზავრებაზე უარი უთხრა.
როგორც „კვირა +“-ს მედეა კურტანიძემ განუცხადა, თხოვნის წერილით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის წერილს დღეს განიხილავს. სცენარისტი იმედოვნებს, რომ მისი საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„2 ივლისს ვიყავი ამერიკის საკონსულოში, წარვადგინე აღნიშნულ ფესტივალთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია, მოწვევის ფურცელი, მეილი, ჩემი სცენარიც მივიტანე, თუმცა უარყოფითი პასუხით გამომისტუმრეს. მკითხეს აქამდე რომელ ქვეყნებში ვიყავი ნამყოფი და ვუთხარი – ეს იყო უკრაინა, საბერძნეთი და საფრანგეთი. ასევე, დაინტერესდნენ, ფესტივალი თუ მაფინანსებდა, რაზეც ვუპასუხე, რომ არა. სავარაუდოდ, ეს გახდა უარის მიზეზი. ვცადე, გამერკვია. არ მჯეროდა. ვთხოვე გადაეხედათ იმ მასალისთვის რაც მქონდა წარდგენილი, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს არ აინტერესებდათ, მომაწოდა ყვითელი ბარათი და მითხრა, რომ ინტერვიუ ამით დასრულებული იყო“, – აღნიშნავს მედეა კურტანიძე.
სცენარისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამარჯვება ქართველი ხალხის პრესტიჟიც არის და იქ გამარჯვებულის დაფიქსირება უკეთესი იქნებოდა.
„მე ვარ გამარჯვებული სცენარისტი და ვფიქრობ, ვალდებულებიც იყვნენ, როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ამერიკა, რომ გავეშვი ფესტივალზე, როგორც გამარჯვებული და როგორ პირველადგილოსანი. ჩემი სახელით უნდა წარმედგინა ქართველების წარმატება ამერიკის კინოფესტივალზე და ყველანაირად შემზღუდეს – ამის საშუალება არ მომცეს“, – აცხადებს მედეა კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სცენარისტის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი – “ჰიპნოზის გავლით” Los Angeles Cinema Festival of Hollywood პირველ ადგილზე გავიდა, როგორც საუკეთესო სცენარი.
მანამდე, QUEEN PALM – ამერიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე თებერვალში ხუთეულში იყო შერჩეული მისი მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი, რომანტიკული კომედია – “თოვლი სან ფრანცისკოში”.
გთავაზობთ ამერიკის საელჩოს წერილს, რომელიც მედეა კურტანიძეს გაუგზავნეს: