ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, რომელიც გურიის სოფელ ლიხაურში მდებარეობს, ჭიამაიები ტოვებენ. როგორც თვითმხილველმა ნინი ჯაფარიძემ „პლიუს კვირას“ განუმარტა, ჭიამაიები ეკლესიას ზამთარში ეკედლებიან, გაზაფხულის მოსვლის შემდეგ კი ტოვებენ.
„ საოცარი სანახაობაა, როგორც კი ზამთარი მოდის, ტაძარში ჭიამაიები მოდიან. ეკლესიის შესასვლელთან, კარის თავზე თაღია, სადაც სამების ხატია დაბრძანებული. ჭიამაიები სწორედ მის გარშემო იდებენ ბინას. სულ ერთად არიან, ფერადები, მხიარულ ფერებში გადაწყობილები. როგორც კი სოფელში დათბება, ისინი ეკლესიას ტოვებენ, თუმცა ზამთარში ისევ ბრუნდებიან“,- გვითხრა ჯაფარიძემ.
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლია, ლიხაურის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის თლილი ქვითაა ნაშენი. ტაძრის ფრესკები კი მე-15, მე-16 საუკუნეებს განეკუთვნება. სოფელ ლიხაურში არაერთი გამოჩენილი ადამიანი დაიბადა. მათ შორის ცნობილი საზოგადო მოღვაწე – ექვთიმე თაყაიშვილი.
სხვა სიახლეები