ჰოლივუდში ახალი სკანდალი აგორდა „Stranger Things“-ის ვარსკვლავის, დევიდ ჰარბურის პირადი ცხოვრების გარშემო, მას შემდეგ რაც მისმა ყოფილმა მეუღლემ, ბრიტანელმა მომღერალმა ლილი ალენმა, ახალი ალბომი გამოუშვა. ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში აღწერილი ისტორია მედიისა და მსმენელთა ნაწილის შეფასებით, მომღერლის ყოფილ ქმართან ურთიერთობის დეტალებს ეხება.
სიმღერის ტექსტში ლილი ალენი საუბრობს ღალატზე, რომელიც მისი თქმით, ურთიერთობის პერიოდში მოხდა. ტექსტში ნახსენებია ახალგაზრდა ქალი მოდის სფეროდან, ფარული შეხვედრები, პარტნიორის ორმაგი ცხოვრება და ის ემოციური ტკივილი, რომელიც მომღერალმა საკუთარ თავზე გამოცადა. სწორედ ამ დეტალებმა გააჩინა ვარაუდი, რომ სიმღერა დევიდ ჰარბურსა და მის სავარაუდო რომანს უკავშირდება.
ალბომის გამოსვლის შემდეგ გავრცელებულ ინტერპრეტაციებს საჯაროდ გამოეხმაურა მოდელი ნატალი ტიპეტი, რომელსაც მედია სწორედ ამ სიმღერის პერსონაჟს უკავშირებს. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კატეგორიულად უარყო დევიდ ჰარბურთან რომანტიკული ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ალბომში აღწერილი ამბავი მის რეალურ ცხოვრებას არ ასახავს.
ტიპეტის თქმით, მისი დაკავშირება სხვის პირად კონფლიქტთან მისთვის მიუღებელია და სერიოზულად აზიანებს მის რეპუტაციას. ამ ეტაპზე არც დევიდ ჰარბურს და არც ლილი ალენს აღნიშნულ სკანდალზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ალბომის ტექსტებმა ფართო დისკუსია გამოიწვია და კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა — სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანასა და ხელოვნებას შორის, როდესაც საქმე ცნობილ ადამიანებს ეხება.