ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი შეუსრულებელი როლი – მსახიობის ბოლო ინტერვიუ

“ზოგი მომაბეზრებლად გაკვირდება – რა გაცვია, როგორ გამოიყურები… ადამიანი ვარ, ხან ცუდად გამოვიყურები, ხან – კარგად. სულ ჟურნალის ყდიდან გადმომხტარივით ხომ არ იქნები!.. პურის საყიდლად მაკიაჟის გარეშე რომ ჩახვიდე, რა მოხდა! არ შემიძლია სულ დავარცხნილი თმითა და მაკიაჟით სიარული. არც მიხდება გადაპრანჭულობა…”
“მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო. ასეთი რამ არ მესმის”
უმრავლესობა მას ქართული სილამაზის ეტალონად მიიჩნევს. დრო გადის, კადრები კი რჩება, კადრები, რომლებმაც მისი მომხიბვლელობა შემოგვინახა… ლიკა ქავჟარაძე უკვე ბებიაა – ყველაზე ლამაზი ბებია. არ უყვარს ყურადღების მიქცევა, არც – ინტერვიუები მყვირალა სათაურებით. ამბობს, დიდი ხანია, პრესასთან არ მისაუბრიაო. ნავსი “კვირის პალიტრასთან” გატეხა.

– ცხრა წელი გავიდა, რაც ალექსანდრეს ბებია გავხდი. ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობენ. ძალიან მენატრებიან. სკაიპით ველაპარაკები ხოლმე.

– შვილიშვილს თქვენ გამსგავსებენ...
– კი, თვალებით… ბებია ვარ, რა არის ამაში გასაკვირი?! ალექსანდრე ძალიან ცნობისმოყვარე ბიჭია. ბევრ კითხვას სვამს და პასუხს
– ბებიას გეძახით?
– მე მინდა, რომ ბებიკო დამიძახოს… ჩემი შვილიც ლიკას მეძახის, არადა, მირჩევნია, დედიკო, დედა დამიძახოს. ასე უფრო სიახლოვეს განვიცდით, მაგრამ ახლა სახელით მიმართვაა მოდაში – ვითომ მეგობარი ხარ. მეგობრებიც ვართ, მაგრამ… მე დედაჩემს დედას ვეძახდი.
გოგონა ნუშის რტოთი, გოგონა “ნატვრის ხიდან”, ქალბატონი შოთიკო კალანდაძის ფილმიდან და ახლა უკვე ბებია – ეს თქვენი ცხოვრების ეტაპებია…
– ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს.ცხოვრებაში ყველა პერიოდი საინტერესო და თავისებურად გამორჩეულია. მხოლოდ ხატვა ან ფილმში გადაღება ხომ არ არის მნიშვნელოვანი – სხვა რამეებიც არსებობს, რითიც შეიძლება შეივსო ცხოვრება.

– როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
– ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ, დავდივარ პარკში – ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია.

– მანქანით დადიხართ?
– ავტომანქანა არ მყავს.
– მუსიკა რა როლს თამაშობს თქვენს ახლანდელ ცხოვრებაში?
– ახლა იშვიათად თუ მივუჯდები ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პიანისტი ვარ. მუსიკას იმდენი დრო უნდა, ჩემთვის ნერვიული სამუშაოა. თუმცა თავის დროზე, როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ხუთი წლიდან დავიწყე მუსიკის სწავლა და სულ ვშრომობდი. სიმშვიდის, ბუნების მოყვარული ვარ. ხალხმრავლობა არ მიზიდავს.

– ბომონდური ცხოვრება?
– ოდესღაც მიტაცებდა, ახლა – აღარ. სხვა ასაკის უნდა იყო, რომ იქ სიარული მოგინდეს. ქუჩაში რომ გავივლი, ხშირად მესმის: “ლიკაა… ლიკაა…” ზოგი გამომელაპარაკება კიდეც, მომიკითხავს, რაც სასიამოვნოა. ზოგი მომაბეზრებლად გაკვირდება – რა გაცვია, როგორ გამოიყურები… ადამიანი ვარ, ხან ცუდად გამოვიყურები, ხან – კარგად. სულ ჟურნალის ყდიდან გადმომხტარივით ხომ არ იქნები!.. პურის საყიდლად მაკიაჟის გარეშე რომ ჩახვიდე, რა მოხდა! არ შემიძლია სულ დავარცხნილი თმითა და მაკიაჟით სიარული. არც მიხდება გადაპრანჭულობა…
– მავნე ჩვევა თუ გაქვთ?
– სიგარეტი და ჭამაა ჩემი მავნე ჩვევა.­ ვჭამ – ვსუქდები, ვეწევი – ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები და სახეზეც მეტყობა თამბაქოს კვალი. ძალიან აზარტ­ული ვარ. ბევრი ფული რომ მქონდეს, შეიძლება კაზინოშიც შევსულიყავი, მაგრამ მათი არ მესმის, ლამის კაზინოში რომ ცხოვრობენ. ეს უკვე ავადმყოფობაა.
– როგორც თბილისელი, რის შეცვლას ისურვებდით ქალაქში?
– მხოლოდ ბოტანიკური ბაღია მო­წესრიგებული. ვაკის პარკი მოუვლელია, ხეები ხმება, ბუჩქებს არ კრეჭენ, არ რწყავენ, არ უვლიან. ერთი ბავშვების მოედანი გააკეთეს და თავს იწონებენ. ყოველდღე ვსეირნობ ვაკის პარკში, მინდა, იყოს სიმწვანე, სუფთა ჰაერი. წელიწადში ერთხელ დაყრიან წითელ ქვიშას და ეგაა ბაღის მოვლა?ქალაქში საშინელი სიტუაციაა. უამრავი მანქანა დადის. მერე უკვირთ, რატომ არის ამდენი დაავადებული. ამბობდნენ, ჩვენ ვეცდებით, ტყვიის შემცველი საწვავი არ გამოიყენონ, დიზელზე მომუშავე ავტომანქანებმა არ იმოძრაონ, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო… არაფერიც არ იცვლება. არამყუდრო ქალაქად იქცა თბილისი. ყველგან საცობებია…
რაც შეეხება მშენებლობებს, საინტერესო არქიტექტურაზე ვერასდროს ვიტყვი უარს, მაგრამ ჩვენთან ვინ ფიქრობს სილამაზეზე?!
ახლა ჩემს სახლთან (ყოფილი ფინანსთა სამინისტროს ადგილას) ააშ­ენეს უშველებელი სახლი. დედას გეფიცებით, კა-გე-ბეს შენობას მახსენებს – რუხია, რაღაც საშინელი.

– ოჯახში როგორი ხართ?
– ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება.
დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს – ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე…
ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.
– გადაღებებს გეგმავთ?
– შოთიკო კალანდაძემ შემომთავაზა,­ მაგრამ 8-10 კილო თუ არ დავიკელი, ვერ დავთანხმდები. ისიც მოთმინებით მელოდება.
– ესეც ეროტიკული ფილმი იქნება?
– არა, რაღა დროს ჩემი ეროტიკაა! უფრო დრამატულ როლს მთავაზობენ. კიდევ ერთ პროექტზეა ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ადრეა ამის გახმაურება.
– ბოლო ხანებში ბევრი სერიალი გადაიღეს. თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ როლი?
– ყველა მსახიობს თავისი ნიშა აქვს, მე ჩემს თავს ამ სერიალებში ვერ ვხედავ.
– კარიერის განმავლობაში რამდენი როლი გაქვთ განსახიერებული?
– 34! პირველი როლი იყო თემო ბაქრაძის ფილმში “შადრევანი”. მერე “როცა აყვავდა ნუში”. წამიყვანეს გადასაღებ მოედანზე, დამაჭერინეს ნუშის რტო, ორი დუბლი გადაიღეს და გამომიშვეს. ყველა, ვინც უყურებს ამ კადრებს,”აღფრთოვანებული რჩება. მე კი მიკვირს – რა მოსწონთ? კი, სასიამოვნოა, გოგონა რომ მოდის, მაგრამ მერე რა… მერე იყო “კავკასიური რომანსი”, “ივერია, სიყვარული და…” მერე კი იყო “ნატვრის ხე”…
– ამ ფილმის შემდეგ ლიკა ქავჟარაძე სილამაზის სიმბოლოდ იქცა…
– მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა. ყველა “ნატვრის ხეზე” ლაპარაკობდა. შოთიკო კალანდაძესთან რომ მნახეს ეროტიკულ სცენებში, ასეთი რაღაც როგორ გადაიღე “ნატვრის ხის” მერეო, ამბობდნენ. მსახიობი ვარ და თუკი გამომდის, რატომ არ უნდა ვითამაშო?! ზოგი აცხადებდა, მე ასე ვერ გამოვალო! ესე იგი, არ შეგიძლია, როლი განასახიერო. ემოციის გამოვლენის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა. მინდოდა და ვითამაშე! გადაღება ჩემთვის სამუშაო პროცესია – ითამაშე, გააკეთე და წადი.
– ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი გამომიტყდა, რომ აღფრთოვანდა, როცა “ნატვრის ხის” გადაღებებზე გნახათ. თუმცა ერთმა ყმაწვილმა მოაკითხა გადაღებებზე, მითხრეს, საქმროაო და იქ დამთავრდა ყველაფერიო.
– სოსოს ჩემთვის არაფერი უთქვამს. 10 თუ 15 წლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე მოვწონდი… სასაცილო რაღაცას მოგიყვებით: მუსიკალურ ათწლედში როცა ვსწავლობდით, გაკვეთილების შემდეგ გოგონები სახლში რომ ვბრუნდებოდით, მე სულ წინ მოვდიოდი ხოლმე სერიოზული სახით. სხვები ვიღაცას გამოელაპარაკებოდნენ, გაიცნობდნენ… ერთხელ გოგოებს ვუთხარი, მე არავინ მეპრანჭება-მეთქი. ჩემმა მეგობარმა მიპასუხა, მამის მკვლელის სახით დადიხარ და ვინ გაბედავს შენთან გამოლაპარაკებასო!..
მახსოვს, კინოს დღეებზე ვიყავით საფრანგეთში… ერთმა ფრანგმა რეჟისორმა გაზეთი გამომიწოდა. მე ფრანგული არ ვიცი. მითხრა, აქ წერია, რომ შენ ვარსკვლავი ხარო. გამიკვირდა.
– ასეთი განწყობა ხომ თბილისშიც იყო?
– იყო და მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო. ასეთი რამ არ მესმის.
– რა ყოფილა მთავარი ცხოვრებაში?
– ჩემთვის სულიერი სიმშვიდეა მნიშვნელოვანი, ჰარმონიულობაა მთავარი. მეოცნებე ვარ, მაგრამ ჩემი ოცნებები შესაძლებლობების შესაბამისია.
პლასტიკურ ქირურგიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ძალიან კარგი. საშუალება რომ მქონდეს, სიამოვნებით შევიცვლიდი რაღაცებს.
– ვინ არის თქვენთვის ქალის ეტალონი?
– თბილისში ულამაზესი თაობა მოდის… ჩემთვის მონიკა ბელუჩი ლამაზია, ოდრი ჰეპბერნზე კი ვგიჟდები.
“შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი, ახლა ეს აღარ მაწუხებს… – შეყვარებული ლიკა როგორია?
– პირველი ქორწინების მადლობელი ვარ, იმიტომ, რომ შვილი მყავს, თუმცა სიყვარული, ისეთი გრძნობა, როგორიც მეორე მეუღლესთან განვიცადე, პირველი ქორწინებისას არ ყოფილა. მინდოდა, მყარი ოჯახი მქონოდა, მაგრამ ამის პირობები არ მქონდა.
– რატომ?
– ჯერ ერთი, ცალკე არ ვცხოვრობდით, დედამთილ-მამამთილთან და ბებიასთან ერთად ვიყავით. ორსულად დავრჩი თუ არა, მეუღლე მოსკოვში წავიდა. იქ სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა. წადი-მოდი ლამის 20 წელი გაგრძელდა და შორ მანძილზე არ არსებობს ურთიერთობა.
– მერე მოვიდა დიდი სიყვარული…
– კი… ყველას სხვადასხვა ფასეულობა აქვს. ზოგი ყურადღებას სიმდიდრეს აქცევს, ზოგი – ოჯახის შვილობას, ზოგი – გარეგნობას… თუმცა ყველა ფასეულობას სიყვარული გადაწონის, მთავარი სიყვარულია.
ჩემი მეორე მეუღლე ეკონომისტი იყო, მაგრამ ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა­. შემთხვევით გავიცანი და მალევე დავქო­რწინდით. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად.
– საზღვარგარეთ თქვენს შვილთან ერთად ცხოვრებაზე არ გიფიქრიათ?
– ლევანს თავისი ოჯახი აქვს. მე თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ…

წყარო:https://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები