“ლეღვის ნახარში რძალ-მულმა ერთმანეთს შეაზილა” – რა ისტორიას იხსენებს გუგა ქაშიბაძე

საქართველოში ლეღვის ნახარშით რუჯის მიღება აქტუალური ჯერ კიდევ 10 წლის წინ გახდა, როცა 15 წლის გოგონამ რუჯის მისაღებად მანამდე უცნობი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი მეთოდი გამოიყენა.

მიუხედავად იმის, რომ ლეღვის ნახარშით რუჯის მიღება დამწვრობას იწვევს, საქართველოში მოქალაქეთა ნაწილი ამ ხერხის გამოყენებას მაინც არ ერიდება.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, ამ მეთოდის გამოყენება დაუშვებელია.

„წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. ჯერ ადრეა, მაისში ნაკლებად გვაქვს ხოლმე ასეთი შემთხვევები.

ზოგადად, ლეღვის ნახარშს ადამიანები სხვადასხვა მეთოდით ისმევენ, ზოგი ივლებს, ზოგი ნაჭერს დაასველებს და ასე ისვამს, ზოგი საღებავების ფუნჯით ისვამს და ა.შ. საზოგადოება მინდა გავაფრთხილო, ლეღვის ნახარშის ტანზე მიკარება დაუშვებელია“,- ამბობს ქაშიბაძე.

ექიმი ერთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა რძალ-მულმა ერთმანეთს ლეღვის ნახარში შეაზილა, რამაც დამწვრობა გამოიწვია.

„მახსენდება წლების წინ ორი ქალბატონი, რძალ-მული იყო, რომლებმაც ერთმანეთს შეაზილეს ეს ნახარში, რა თქმა უნდა, მათ დამწვრობა მიიღეს.

რატომ ლეღვი და არა სხვა მცენარე? – რადგან ლეღვი იწვევს ქიმიურ დამწვრობას, რაიონში ბავშვები ლეღვის ფოთლებით თამაშობენ, მისგან რძე გამოიყოფა და სხეულზე ხელოვნურ ტატუებსაც იხატავენ, სავარაუდოდ, ეს იყო ის ინსპირაცია, რამაც ლეღვის ფოთლების გამოყენებაზე ქალბატონებს უბიძგა“,- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ქაშიბაძის განცხადებით, საქართველოში პირველად ლეღვის ნახარშით დამწვრობა 15 წლის გოგონამ მიიღო.

„15 წლის გოგონა იყო, რომელიც პირველად დაიწვა. ფსონებიც გვაქვს დადებული დამწვრობის ცენტრში, ყოველ წელს ასე გვგონია, რომ ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის ბოლო წელი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევები მაინც არის“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ექიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები