ლექსო ლეკიაშვილი ზვიად დევდარიანზე: თუ მოძალადე იყო, ამდენ ხანს რატომ არ აიწია ამბავი? ​

ბლოგერი ლექსო ლეკიაშვილი ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მოიცა, კაცო, მოიცა, ახლა მოიცა. ვერ გავიგე. რამდენიმე კითხვა გამიჩნდა: ა) თუ ეს კაცი მოძალადე იყო, რატომ წარადგინა ომბუდსვუმენმა?
ბ) თუ მოძალადე იყო, ამდენ ხანს რატომ არ აიწია ამბავი და რატომ არ მიჰყვა ეს თემა იმავე ვაინშტაინის და იმავე რამიშვილის საქმეს (არ მითხრათ, რომ აქამდე ამ ქალებს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდათ და ვერ ახერხებდნენ)?
გ) რაკი ეს ამბავი აიწია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლომჯარიამ დევდარიანი წარადგინა “საზმაუს” ბორდის წევრად, ხომ არ არის ეს კონკურენტის ჩამოცილების არცთუ ჯანსაღი მეთოდი?
მე არ მაქვს მიზეზი, არ ვენდო “ქალთა მოძრაობას”, მაგრამ ერთია ჩადენილი დანაშაული და მეორეა მისი გამოქვეყნებისთვის შერჩეული დრო. თუ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იცი და ამ ფაქტს, როგორც კოზირს, ისე ინახავ სახელოში, რათა სათანადო დროს აამოქმედო, მაშინ არანაკლები დამნაშავე გამოდიხარ, იმიტომ, რომ სანამ „სათანადო დრო“ დადგება, მოძალადე კიდევ არაერთი ადამიანის გამწარებას მოასწრებს. იმედია, ხვდებით, რასაც ვამბობ.
დ) თუ ეს ყველაფერი სიმართლეა (რასაც, ნებისმიერ ვარიანტში, სჭირდება გამოძიება), არსებობს თუ არა სხვა მოძალადეების სხვა თანამდებობებზე წარდგენის საფრთხე, თანაც ისე, რომ თუ ვინმეს კონკურენტი არაა სადმე, ვერც კი გავიგოთ?
​ჩემო საყვარელო ფეისბუქო, მომეც ამის პასუხი”, – წერს ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები