ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: „დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს“
გუკა რჩეულიშვილი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
“ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა გუშინ შპს “ცენტრ პოინტი აჭარას” დირექტორები: ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი დააკავეს.
პროკურატურაში 11:00 საათზე დაკითხვაზე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
გამოძიების შეკითხვებს მისმა დედამ, “ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთმა მფლობელმა მაია რჩეულიშვილმა უპასუხა. სამართალდამცავები გუკა რჩეულიშვილის დასაკავებლად, გუშინ მისი მეუღლის, ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა გუკა იქ არ იმყოფებოდა.
ლელა კილაძე მისი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როგორ მივიდნენ მის სახლში სამართალდამცავები:
“აგრესია არ არის, ჩხრეკის ორდერი რომ არ გაქვს?! დაკითხვაზე არ იბარებ ადამიანს და პირდაპირ სახლში მოდიხარ?! სახლში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ვუთხარი რომ გუკა სახლში არ იყო, საბუთიც არ ჰქონდათ, რის საფუძველზეც ჩხრეკის ჩატარება შეეძლოთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში, ბოლო ორი წელია ჩემით და ჩემი ოჯახის წევრებით არიან დაკავებულები”.
– რა დროს მოვიდნენ სამართალდამცავები?
– დილის 11 საათზე 7 პირი მოვიდა ჩვენთან სახლში, თავიდან არ მივეცი სახლში შემოსვლის უფლება, მაგრამ შემდეგ დავთანხმდი და დაათვალიერეს, შემდეგ ჩავიდნენ და ზუსტად 20 წუთში ამობრუნდნენ.
– გქონდათ მანამდე რაიმე სახის ინფორმაცია?
– მანამდე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა ამის თაობაზე. 2-3 თვის წინ გუკა დაბარებული ჰყავდა პროკურატურას, ზუსტად რა თემასთან დაკავშირებით, არ ვიცი. დაჰკითხეს და გამოუშვეს. გუკას გარდა, ბათუმში გოგო დააპატიმრეს, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი დაუტოვეს, არარსებული ამბავია, ხელმოსაკიდი არაფერი აქვთ, შენობა დამთავრებულია. ეს პოლიტიკური დევნაა რჩეულიშვილების და ჩემ მიმართ.
– გამოძიებას არ აქვს მტკიცებულებები?
– არაფერი მტკიცებულება არაა, მაგრამ რაში ენაღვლებათ? ბოლო სამი წლის მანძილზე სასამართლოზე სიარულის მეტი არაფერი გამიკეთებია და არ მახსოვს, სადმე მტკიცებულებები ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩემი ემოციებიდან და 4 წლის გამოცდილებიდან ასეა, მამაჩემის საქმე სამწლიანი ბრძოლის შემდეგ მოვიგეთ, მას იმას ედავებოდნენ, რომ თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ტრაქტორით რაღაც ამოთხარა, მამაჩემი პარკინსონით არის დაავადებული, მოვიდნენ სამართალდამცავები, ნახეს, რომ მძიმე ავადმყოფია და შესაძლოა, ხელში ჩააკვდეთ და გადააკეთეს ყველაფერი. რაც უნდათ, რომ მიიღონ, იმას გააკეთებენ, რადგან დიდი ზარალი მოგვაყენონ. – თქვენ გაქვთ ახლა გუკასთან კონტაქტი? – არა, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს“.
წყარო: Ambebi.ge