ლეილა აბაშიძეს დღეს 87 წელი შეუსრულდა

საქართველოს სახალხო არტისტს, ლეილა აბაშიძეს დღეს 87 წელი შეუსრულდა.

ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ნახეს, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ და მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს.

ოჯახმა ძალიან დიდხანს არ იცოდა, რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს. ამის შემდეგ მიუვიდათ მათ დახვრეტის ოქმი, მომავალი მსახიობის დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა, შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

ლეილა აბაშიძემ პირველად 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. მაშინ ის 8 წლის იყო და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.

მსახიობს შესრულებული აქვს როლები ფილმებში – “ოქროს ბილიკი” (1945), იუტა; “აკაკის აკვანი” (1947), ნაზიბროლა; “ქეთო და კოტე” (1948), გოგონა ყვავილებით; “გაზაფხული საკენში” (1950), ნინო; ლეილა აბაშიძე ფილმში “შეხვედრა მთაში” (1966); “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან” (1954), ლელა; “ჭრიჭინა” (1954), მარინე; “ჩვენი ეზო” (1956), მანანა; “აბეზარა” (1956), ლია; “სად არის შენი ბედნიერება, მზია?” (1959), მზია; “მაია წყნეთელი” (1959), მაია; “მე ვიცეკვებ” (1962), (“აზერბაიჯან-ფილმი”), დაგმარა; “ხევისბერი გოჩა” (1964), ძიძია; “ავარია” (1965)”შეხვედრა წარსულთან” (1966), ნინო; “შეხვედრა მთაში” (1966), ლალი – მზევინარი; “მოლოდინი” (1969), ქეთევანი”დიდოსტატის მარჯვენა” (1970), ვარდისახარი; “გასეირნება თბილისში” (1976), ლია; “სინემა” (1977); “თბილისი, პარიზი, თბილისი” (1980), თეა შერვაშიძე; “ყველა კომეტა როდი ქრება” (1982); “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”(1985); “ლეგენდა სურამის ციხეზე” (1986); “ორომტრიალი” (1986), მსახიობი ქალი; “ზვარაკი” (1990)”როცა ბებიას პაემანზე მიეჩქარება” (2011)

მინიჭებული აქვს შემდეგი წოდებები და ჯილდოები – საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958); საქართველოს სახალხო არტისტი (1965); ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964); დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1961); პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში “შეხვედრა წარსულთან” (1966), ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალი, 1968; II მსოფლიო ფესტივალის I პრიზი. ტოკიო, 1997; საპატიო ვარსკვლავი კინოთეატრ რუსთაველის წინ (2009);თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

კომენტარები

სხვა სიახლეები