ლევან ქოქიაშვილი: „ვაქცინაცია სამყაროს უდიდესი მიღწევაა და უამრავი მომაკვდინებელი დაავადება მეცნიერებამ დატოვა უიარაღოდ“
„ჩემი აზრით, არ არსებობს ვაქცინის ალტერნატივა. ვაქცინაცია სამყაროს უდიდესი მიღწევაა და უამრავი მომაკვდინებელი დაავადება მეცნიერებამ დატოვა უიარაღოდ, ამის ბევრი ფაქტია ისტორიაში“,- „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ „ბუსტერდოზით“ აიცრა.
ლევან ქოქიაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, უსაფუძვლო შიშები დაძლიოს და ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთოს.
„თავს ვალდებულად ვთვლი, დავიცვა ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქები და რა თქმა უნდა საკუთარი თავი.
ორი „სინოფარმის“ შემდეგ „ფაიზერის“ „ბუსტერი“ გავიკეთე. ჩემი აზრით, არ არსებობს ვაქცინის ალტერნატივა. ვაქცინაცია სამყაროს უდიდესი მიღწევაა და უამრავი მომაკვდინებელი დაავადება მეცნიერებამ დატოვა უიარაღოდ, ამის ბევრი ფაქტია ისტორიაში. ჩემი 15 წლის შვილი „ფაიზერის“ ორივე დოზითაა აცრილი, მაგრამ მეორე, 11 თვის პაწუკა ასაკის გამო ვერ იქნება აცრილი. უგუნურების ან შეცდომაში შეყვანილი ხალხის გამო არ უნდა იყოს ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში. ძალიან გთხოვთ, აიცრათ, ღმერთმა გონება იმიტომ
მოგვცა, რომ გამოვიყენოთ.
P.S. ვისაც დაჩიპვის, უშვილობის და სხვა ათასი მითის გეშინიათ, გთხოვთ, კარგად დაფიქრდეთ – ერთი ჩვეულებრივი ჩხვლეტა და ჭიანჭველისგან სპილოს ნუ ვქმნით. ქართველებს ისედაც თავზე საყრელად გვაქვს პრობლემები.
#ავიცრათერთმანეთისთვის”,- წერს ლევან ქოქიაშვილი.