“ლევანს თვალები თითქოს სიკეთით ჰქონდა სავსე” – გოგონა, რომლიც 14 წლის ასაკში გაათხოვეს

ესეის ავტორი: ანასტასია ასანიშვილი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლე

მე ვოცნებობდი.
მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ძლიერი ქალი.
მე ვოცნებობდი, რომ მივიღებდი შესაფერის განათლებას.
მე ვოცნებობდი, რომ ვიმუშავებდი და მექნებოდა ჩემი ხელფასი.
მე ვოცნებობდი, რომ შემიყვარდებოდა ვინმე.
მე ვოცნებობდი, რომ შევქმნიდი ოჯახს.
მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი თავისუფალი.
მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ადამიანი.
მე ვოცნებობდი.
გამარჯობა,

მე ქეთი ვარ, 19 წლის, ორი შვილის დედა. 14 წლის ვიყავი, როცა გამათხოვეს. ჩემს ქმარს ლევანი ჰქვია. ის მაშინ 25 წლის იყო. როგორც მე, არც მას სურდა ჩემი ცოლად მოყვანა, მაგრამ იგი ვალდებული იყო ჩვენი ტრადიციების წინაშე.

პირველად ჩვენი ქორწინების შესახებ დედამ მითხრა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე. მითხრა, რომ ოჯახის სახელი არ უნდა შემერცხვინა, ვიღაც უცხო კაცს უნდა გავყოლოდი ცოლად, მასთან შვილები მყოლოდა, დიასახლისი ვყოფილიყავი, არადა, მე მხოლოდ სკოლაში სიარული, განათლების მიღება და ბავშვებთან ერთად გართობა მინდოდა. დედას უარი ვერ ვუთხარი. ვერ გავბედე. ასეთი იყო ჩემი – არის გოგონას ბედი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა.

მე გამათხოვეს. გამათხოვეს როგორც ნივთი. ლევანს მიმათხოვეს. მიმყიდეს. მიმასესხეს. ფულში გამცვალეს. ჩემზე უარი თქვეს. თავისუფლება წამართვეს.

ლევანი მაღალი, შავთმიანი ბიჭი იყო, თვალები თითქოს სიკეთით ჰქონდა სავსე. მაშინ რატომღაც იმედი დამიბრუნდა. მეგონა შემიყვარდებოდა და ეს ქორწინებაც არ გამოვიდოდა ყალბი. მისმა თვალებმა მომატყუა. მისმა საოცრად ლამაზმა, შავმა, მაყვალივით თვალებმა. ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ქორწილიდან ერთი კვირის მერე პირველად მიყვირა.

– შენ არაფრის მაქნისო ქალო!

– რატომ მიყვირი?

– საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?

– არასდროს მიფიქრია 14 წლის ასაკში გათხოვებაზე.

– აბა რაზე ფიქრობდი, ჰა? – ტონს აუწია. თავისი ლამაზი, შავი თვალები გაუდიდდა, აღარ იყო ისეთი ლამაზი, აღარც მაყვალსავით შავი აღარ იყო. მაშინ შემეშინდა. ძალიან შემეშინდა და ჩურჩულით ვთქვი.

– სწავლაზე.

– რაზე?

– სწავლაზე – ხმას ავუწიე. სიცილი დაიწყო და გვერდით ოთახში გავიდა.

მას მერე 5 წელი გავიდა. ახლა უკვე სრულწლოვანი ვარ. სრულწლოვანი ვარ, მაგრამ რა? არც არაფერი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ლევანის თვალები შეიცვალა. ვეღარსად ვხედავდი იმედს. მხოლოდ ბრაზს. მასთან შვილების გაჩენაზე არც არასდროს მიფიქრია. ოჯახმა დამაძალა. ახლა კი ორი შვილი მყავს. არ იფიქროთ, რომ ჩემი შვილები არ მიყვარს. მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს. რაღაცნაირად მგონია, რომ არა ისინი, სახლიდან უკვე დიდი ხნის წამოსული ვიქნებოდი. არ ვიცი… მაგრამ ბავშვებს ხომ უნდათ მამა. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი ასე ფიქრობს.

ერთი მეგობარი მყავს, თბილისში სწავლობს. უკვე მეორე კურსზეა, მალე გერმანიაში წავა და იქ ისწავლის, შემდეგ კი შეეძლება იმუშაოს და ჰქონდეს შემოსავალი. ის საზოგადოების წევრია, როგორც ყველა.

მე… მე შემიძლია სუპი მოგიმზადოთ. იცით ძალიან, ძალიან გემრიელ სუპს ვაკეთებ, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. ან შემიძლია რაიმე მოგიქარგოთ. ესეც კარგად გამომდის. თუმცა არ შემიძლია ურთიერთობა დავამყარო საზოგადოებასთან, გარდა გამარჯობის თქმისა, არც მუშაობა შემიძლია, მე გაუნათლებელი ვარ.

ნაადრევმა ქორწინებამ წამართვა საკუთარი თავი. წამართვა ჩემი ოცნებები. წამართვა ჩემი მიზნები. მაქცია ნივთად. ვარ გაუნათლებელი, 8-კლასდამთავრებული ქალი, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. გამოიწვია ის, რომ მე საზოგადოებისგან გარიყული ვარ. ნაადრევმა ქორწინებამ წამართვა ყველაფერი, რაც შეეძლო რომ წაერთმია.

მაგრამ მე მაინც დამრჩა სულ პატარა იმედი. იმედი, რომელიც გადამარჩენს და მიშველის. რომელიც მომცემს განათლებას და მოსიყვარულე ქმარს.

მე ვოცნებობ.
მე ვოცნებობ, რომ ვიქნები ძლიერი ქალი.
მე ვოცნებობ, რომ მივიღებ შესაფერის განათლებას.
მე ვოცნებობ, რომ ვიმუშავებ და მექნება ჩემი ხელფასი.
მე ვოცნებობ, რომ შემიყვარდება ვინმე.
მე ვოცნებობ, რომ შევქმნი ოჯახს.
მე ვოცნებობ, რომ ვიქნები თავისუფალი.
მე ვოცნებობ, რომ ვიქნები ადამიანი.
მე ვოცნებობ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წელს გაუქმდა ის კანონი, რომლის მიხედვითაც 16 წლის პირს შეეძლო მშობლის თანხმობით ქორწინება.

სტატისტიკური მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები. ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული. თუკი გავითვალისწინებთ არარეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

მთავარი ფოტო: ანასტასია ასანიშვილი

წყარო:https://batumelebi.netgazeti.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები