თბილისში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “შეხვედრა” (სამუშაო სახელი) გადაღება დაიწყო, რომელიც ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
60-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ისინი მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკე ქალები იყვნენ, რომელთაც ქალთა ჭადრაკში რევოლუცია მოახდინეს და იგი მსოფლიო მაშტაბით მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს. “შეხვედრა” მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებას გვიჩვენებს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის.
ფილმის რეჟისორია ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, ხოლო თანარეჟისორი – ანა ხაზარაძე. ,,შეხვედრა” საერთაშორისო კოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions გარდა ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, და სერბული კომპანია Playground Produkcija მონაწილეობს. ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან – BKA, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინო ცენტრიდან – FCS. ,,პროექტმა” ასევე გაიმარჯვა Eurimages-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლინდა ჯენსენი. ადგილობრივ გადასაღებ აღჭურვილობას კი კომპანია კინოტექნიკსი უზრუნველყოფს.
გადაღებები 13 აპრილს როდოსზე დაიწყო, მაისის ბოლომდე კი ფილმის წარმოების პროცესი თბილისსა და ვენაში გაგრძელდება.
ფილმის დასრულება 2019 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.
წყარო: beta.gnfc.ge