ლას–ვეგასის კოშმარული ღამის შემდეგ ბევრი გადარჩენილი ადამიანი აზირებს ისტორიებს იმ გმირი უცნობების შესახებ, რომლებმაც მათი ოჯახის წევრები გადაარჩინეს. ერთ–ერთი ასეთი ისტორია 5 წლის ედენ ჰაზერს ეხება. ედენი ლას–ვეგასის ქანთრი ფესტივალს დედასთან, 8 წლის დასთან– კორდელიასთან და დეიდასთან ერთად ესწრებოდა, რომელიც შშმ პირია. სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისმა დედამ–დორისმა მეორე შვილი, გოგონა საპირფარეშოში შეიყვანა. სროლა კი ზუსტად მაშინ დაიწყო, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ. როგორც დორისი იხსენებს, ომში ნამყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ამ დროს ინსტიქტი გკარნახობს, რომ მიწაზე უნდა დაწვე, რამეს მოეფარო, მაგრამ მისი ერთადერთი ფიქრი ის იყო, რომ შვილი და და ეპოვა.
ირგვლივ ქაოსი სუფევდა, დორისი და კორდელია დარჩენილ ოჯახის წევრებს ეძებდნენ. ამ დროს კი ედენი და მისი დეიდა ერთმანეთის განცალევებით აღმოჩნდნენ. ბავშვმა თავი სარეკლამო სტენდს შეაფარა, სადაც ის ვინმე ლინდსი როჯერსმა შემთხვევით იპოვა. როჯერსმა ხელი სტაცა ბავშვს და ახლომდებარე მოტელში გაიქცა.
„ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ ბავშვის დედა მის ძებნას და ნერვიულობას დაიწყებდა, მაგრამ იმ მომენტში საუკეთესო გამოსავალი სწორედ მისი იმ ტერიტორიიდან გაყვანა მომეჩვენა. სროლა იმდენად უწყვეტი იყო, რომ ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი ბავშვი გადამერჩინა.“–განაცხადა როჯერსმა მოგვიანებით. მოტელში ყოფნისას მან ედენს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში იმ იმედით განათავსა, რომ მისი მეგობრები ბიჭის მშობლების პოვნაში დაეხმარებოდნენ. რაც შეეხება პატარა ედენს, იმისთვის რომ ზედმეტად არ შეშინებოდა, ქალმა უთხრა, რომ გარეთ უბრალოდ ფოიერვერკები იყო და ჯობდა დედიკოს პოვნამდე ოთახში ყოფილიყვნენ. ედენი საკმაოდ მშვიდად იქცეოდა, თუმცა ცოტა ხანში ის პოლიციამ საავადმყოფოში გამოსაკვლევად გადაიყვანა. იქ კი ბიჭის ბაბუისგან ზარი შემოვიდა. აღმოჩნდა, რომ ედენის ფოტოსურათი სოციალურ ქსელებში იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მის ბაბუამდეც მიაღწია. ამავე დროს, თითქმის იდენტური ისტორია გადახდა მის დეიდასაც–სხვა „კეთილმა სამარიტანელმა“ ისიც გაარიდა საფრთხეს და დიდსულოვნად შეიფარა.
რაც შეეხება ედენის დედას, მან და მისმა ქალიშვილმა თავშესაფარი კაზინოში იპოვეს. როგორც ახლა დორისი ამბობს, ის „სასოწარკვეთილი და უიმედო“ იყო. თუმცა ცდილობდა ქალიშვილის თვალწინ პანიკაში არ ჩავარდნილიყო, რადგან ის მიღებული სტრესისგან ისედაც ცუდად გრძობდა თავს. საბოლოოდ კი დედამ საკუთარი მამისგან სასიხარულო ამბავი შეიტყო–მისი დაკარგული ბიჭი უკვე სახლში იყო, ცოცხალი და საღსალამათი.
სხვა სიახლეები