ლალი ტოტიკაშვილი: „ავიცერი იმიტომ, რომ ჰოსპიტალიზაციის რისკისგან დამეცვა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები“
ავიცერი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან მეშინოდა, რადგან ბავშვები მყავს ოჯახში, – ამის შესახებ მოდელი ლალი ტოტიკაშვილი საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ცხოვრება ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდეს, მოსახლეობის უმეტესობა უნდა აიცრას.
„ავიცერი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან მეშინოდა, რადგან ბავშვები მყავს ოჯახში.
მოწოდება – „გინდა თუ არა, უნდა აიცრათ“ – არ მიყვარს. მართლა მესმის იმ ხალხის, ვინც არ იცრება – ზოგს ეშინია, ზოგს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ზოგი ალერგიულია და ამიტომ იკავებს თავს. ჩემს მაგალითზე გეტყვით: მე ავიცერი, თუმცა ვიცი, რომ დაინფიცირება გამორიცხული არ არის, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის შანსი ძალიან მცირეა და სწორედ ამისგან მინდოდა დამეცვა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.
ვფიქრობ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაზე საუბარი ცოტა ადრეა. ვაქცინირებული არ ნიშნავს იმას, რომ ყველანაირი შეზღუდვა მოგვეხსნება. ძველებურად უნდა დავიცვათ წესები, ვატაროთ პირბადე. თუმცა იმისთვის, რომ ყველაფერი გაიხსნას და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ძალიან კარგი იქნება, რომ უმეტესობა იყოს ვაქცინირებული”,- ამბობს ლალი ტოტიკაშვილი.