კურიოზი კასპის საარჩევო უბნიდან: „მეხი დაგეცეთ დამკვირვებლებსაც და კომისიის წევრებსაც, აგიტატორებსაც, იკვნესეთ“…
კასპის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მსგავსი სახის ბიულეტენი კომისიის წევრებმა ხმის დათვლის დროს ნახეს. გარდა ამომრჩევლის „კეთილი სურვილებისა,“ „სოციალურ-პოლიტიკური ცენტრის განითარების“ წარმომადგენელი ნინო ჩარკვიანი, რომელმაც აღნიშნული ბიულეტენი გამოაქვეყნა, არჩევნების დღეს კასპში მომხდარ ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევაზეც წერს. „გუშინ, სადამკვირვებლო მისიის შესრულებისას, ერთ კურიოზს მაინც ვერ ავცდი. მოგეხსენებათ, მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი კასპის რაიონს, შესაბამისად ყველა უბანი შემოვიარე. ერთ-ერთ სოფელში, ჩემ წინ მიმავალ მანქანას ვკითხე, სად იყო უბანი. – გამომყევიო,-მითხრა და ჩვენც გავყევით. გავიარეთ სასწაული ჩიხები, აღარ დასრულდა გზა, ვფიქრობ, ცესკომ ან სკოლა ვერ ნახა, ან საბავშვო ბაღი, აქ რაღა უნდოდა საარჩევნო უბანს-თქო… როგორც იქნა ჩაუხვია ერთ-ერთ დიდ შენობასთან ჩვენ წინ მიმავალმა მანქანამ და გაჩერდა. გამიკვირდა ხალხის სიმრავლე, ვიფიქრე მარნეულში ხომ არ ვარ? რა ხდება ნეტავ ასეთი, ამდენი ხალხი რომ არის ამ უბანზე-თქო. ბეიჯებით რომ გადმოვედით და ხალხის გაკვირვებულ მზერას შევხედეთ, მერეღა მივხვდით, რომ გასვენებაში აღმოვჩნდით ( ღმერთმა გაანათლოს იმ პატიოსანი ადამიანის სული! ),“ – წერს ჩარკვიანი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.