საქართველოს უძლიერეს კაცთა და მთიელთა ეროვნული ფედერაციის წევრი, „სთრონგმენი” კოტე ჯანაშია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ აიცრა იმისთვის, რათა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ეზრუნა, ამასთან, სპორტულ კარიერაშიც არ შეშლოდა ხელი. სპორტსმენი აღნიშნავს, რომ ყველა ვაქცინა ერთი მიზნით შეიქმნა – დაამარცხოს დაავადება.
„მე თავად ვაქცინირებული ვარ. აცრა გადავწყვიტე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დამეცვა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ასევე – ჩემი საქმის გამოც, რადგან შეჯიბრებებზე ვეღარ გამოვიდოდი. აუცრელი რომ ვყოფილიყავი, ბევრ ქვეყანაშიც ვერ შევიდოდი. ამ კუთხითაც აუცილებელია აცრა.
ეს ვირუსები და ვაქცინაცია ახალი ხომ არ არის. ძველადაც იყო ვირუსები და ებრძოდნენ აცრებით. იგივე სიტუაციაა ახლაც. ნებისმიერი აცრა შეიქმნა იმისთვის, რომ დაავადება დაამარცხო. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა, ყველა აიცრას.
სპორტს, ისევე როგორც ყველა სფეროს, პანდემიამ ხელი შეუშალა. ფაქტობრივად, ორი წელი ყველაფერი გააჩერა. ახლა ნელ-ნელა ამოძრავდა ეს მიმართულებაც. ჩემი სპორტი უფრო მეტად – შოუა, შოუს ელემენტებზეა გათვლილი და ხალხის დიდი რაოდენობა ესწრება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით მეტად დავზარალდით.
რაც შეეხება ვაქცინაციისკენ მოწოდებას, მე ჩემს ახლობლებს, ნათესავებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ აიცრან, თუმცა საჯაროდ მოწოდებებისგან თავს ვიკავებ, ყველას თავისი აზრი აქვს და ადამიანების აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია”,- ამბობს სპორტსმენი.