„კორკოტა“ ფეისბუქმომხმარებლებს ეხმიანება: თქვენი კრიტიკა არაფერს ნიშნავს, თქვენა ხართ ნარჩენები და მონები (ვიდეო)

რუსული ტელეკომპანიის ეთერში, „ურგანტის შოუში“ ქართველი მსახიობის, გია კორკოტაშვილის მონაწილეობას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა.

კორკოტაშვილმა შოუში რუსული ესტრადის ვარსკვლავთან, ლუბა უსპენსკაიასთან ერთად იმღერა, რაც ფეისბუქში საზოგადოების ნაწილის კრიტიკის საგნად იქცა.

„მან ოკუპანტებს უმღერა“… „კორკოტაშვილს 37-მანეთიანების დრო ენატრება“… – წერდნენ ფეისბუქის მომხმარებლები სოციალურ ქსელში.

მსახიობი გია კორკოტაშვილი შეფასებებს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა. კორკოტაშვილს ფეისბუქში დაწერილი „ჭიაღუების აზრები“ სასაცილოდ მიაჩნია.

„37- მანეთიან ბილეთებზე და მის ნოსტალგიებზე ვინც ლაპარაკობს, მათი მშობლებიც მაგ პერიოდში გაიზარდნენ. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, გინდა, არ გინდა, ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში. შეიძლება ახალგაზრდობის მომენტების ნოსტალგია გქონდეს, მაგრამ საღი აზრი არ უნდა დაიკარგოს. 103 000 მოწონებაა დაახლოებით ამ ვიდეოზე. ხალხს მოეწონა, რომ მე ჩავედი, ურგანტის პოპულარულ შოუში მონაწილეობა მივიღე, სადაც ლუბა უსპენსკაიასთან ერთად ვიმღერე და ჩამოვედი. ეს მოხდა 18- ში. ძალიან თბილად დამხვდნენ. ჩამოვედი. თუ იმ ხალხმა, ვისაც უნდოდა, რომ ასე გაეგო, ჩათვალა, რომ ეს არის არაპატრიოტული და ასე თვლიან, რატომ იღებენ რუსულ პროდუქტს და რუსულ არაყს? მაშინ საბოლოოდ გაიფიცონ, როგორც პატრიოტები და რუსულს არაფერს მოჰკიდონ ხელი. მე ვფიქრობ, ჩვენი სახალხო დიპლომატია ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მცირედი წვლილი შეიტანოთ ურთიერთობების დათბობაში.
ფეისბუქში ვნახე კომენტარები, ამ ჭიაღუების აზრები სასაცილოდ მიმაჩნია. მარაზმამდეა ეს ყველაფერი მისული. სასაცილო ტიპები არიან. თქვენ რომ გაქვთ უფლება, ვინც გინდათ, ის გიყვარდეთ, დემოკრატები ხართ… მე ტაშს დაგიკრავთ, თუ საქართველოსთვის კარგ რამეს გააკეთებთ. ლავირებაა ყველგან საჭირო. ჩიჩახვი შხამითა გაქვს ამოვსებული და სად ანთხიოთ, აღარ იცით. ამიტომ ჩემთვის თქვენი კრიტიკა არაფერს ნიშნავს. თქვენა ხართ ნარჩენები და მონები. თქვენ ის ხალხი არა ხართ, ჩუმად რომ იყავით მაშინ, როცა სტრატეგიული ობიექტები დაარიგა თქვენმა იმამმა მიშამ. მე ჩავედი და ერთხელ ვიმღერე, თქვენმა იმამმა მიშამ კი მთელი სტრატეგიული ობიექტები დაარიგა, ვინ არის რუსეთის და კრემლის აგენტი, თქვენ განსაჯეთ, თუ გაქვთ განსჯის საშუალება“,- განაცხადა გია კორკოტაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=xH9how7fDRg[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები