კონსტანტინე მელაძის დაქორწინებას მისი ყოფილი ცოლი გამოეხმაურა- რაში ადანაშაულებს ის ექს-მეუღლესა და ვერა ბრეჟნევას – ტოსკანური ქორწილის პირველი კადრები (ვიდეო+ფოტოკოლაჟი)
32 წლის უკრაინელი მომღერლის ვერა ბრეჟნევასა და 52 წლის კომპოზიტორისა და მუსიკალური პროდიუსერის-კონსტანტინე მელაძის ქორწინების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რუსულ შოუ-ბიზნესში და არა მხოლოდ, სრული სენსაცია გამოიწვია. წყვილმა ყველასაგან უჩუმრად იტალიაში, ახლო მეგობრების წრეში ტოსკანაში იქორწინა. გასაიდუმლოებული ქორწინების მიუხედავად, ცოლ-ქმარი პაპარაცებმა ზღვისპირა კურორტ ფორტე-დეი-მარმიზე მაინც დააფიქსირეს. კადრები რეპორტიორებმა სწორედ მაშინ გადაიღეს, როდესაც ახლადდაქორწინებული წყვილი ქალაქის მერიის შენობას ტოვებდა, სადაც მათ ხელი მოაწერეს. პაპარაცებმა მხოლოდ იმის დაფიქსირება შეძლეს, თუ როგორ დატოვა საპატარძლო თაიგულით ხელში და თეთრ კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა მერიის შენობა მეუღლესთან ერთად. შემდეგ ისინი სწრაფად მანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გაუჩინარდნენ.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა მელაძის ყოფილი ცოლი. რუსული მედიის ინფორმაციით, იანა სუმი, რომელიც ცნობილ კომპოზიტორსა და პოპულარულ პროდიუსერს 2013 წლის მიწურულს გაეყარა, დიდი ხანია ეჭვობდა, რომ მის ქმარს „ვიაგრას“ ყოფილ სოლისტთან რომანი ჰქონდა. თუმცა, მას არ ჰქონდა ამის არავითარი მტკიცებულება, ამიტომაც როგორც რუსული გამოცემები წერენ, ნეგატიურ ფიქრებს ის ამ დრომდე თავს არიდებდა. ახლა უკვე ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდა, პირველ რიგში კი, კონსტანტინეს ექს-მეუღლისთვის.
იანა სუმი აღიარებს, რომ ქმართან დაშორების შემდეგ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მეუღლისთვის პატიება ვერ შეძლო და ვერც საყვარელი მამაკაცის მხრიდან ტყუილსა და ღალატს შეეგუა. მიუხედავად იმისა, რომ იანა ერთი წლის წინ ხელმეორედ გათხოვდა და მას ახლა უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, ქალისთვის ჯერაც კიდევ გაუგებარია, რატომ ატყუებდნენ მას ასე დიდხანს.
ცნობილია, რომ კონსტანტინე მელაძის ექს-მეუღლემ, მათ შვილებს მამის ახალ ცოლთან ურთიერთობა აუკრძალა. მას არ სურს, რომ ბავშვებმა იკონტაქტონ იმ ადამიანთან, ვინც მათი ბედნიერი ოჯახი დაანგრია და თბილი საუბრები გააბან იმ ქალთან, ვინც მათ მამა წაართვა.
რაც შეეხება თავად მელაძესა და მის ახალ მეუღლეს- უკრაინის ყველაზე სექსულურ ქალად აღიარებულ ვერა ბრეჟნევას, ცნობილია, რომ წყვილი დაქორწინების შემდეგ, თაფლობის თვეს ამჟამად, ვენეციაში ატარებს.
წყვილის პირველი შეხვედრა 2002 წელს შედგა, როდესაც 20 წლის ვერა ბრეჟნევა ჯგუფი „ვიაგრას“ პირველი შემადგენლობის კონცერტზე მოხვდა, სადაც გოგონას შანსი მიეცა სცენაზე მის კუმირებთან ერთად, ჰიტი Попытка №5 შეესრულებინა. მომხიბლელი გოგონა, რომელსაც სცენაზე გამოსვლის, მღერისა და ცეკვის გამოცდილება არ ჰქონდა, უმალ შეამჩნია „ვიაგრას“ პროდიუსერმა დმიტრი კოსტიუკმა, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ, გოგონა კიევში მიიწვია, სადაც მუსიკალურ ჯგუფში ერთი წევრის მიღებაზე ქასთინგი ტარდებოდა. „ვიაგრა“ მაშინ მისმა ერთ-ერთმა წევრმა – ალენ ვინიცკაიამ დატოვა, რის შემდეგაც პროდიუსერებს ახალი გოგონას აყვანის საჭიროება დაუდგათ. 2003 წლის იანვარში, გოგონათა მუსიკალური ჯგუფი პუბლიკის წინაშე, ახალი შემადგენლობით წარსდგა. ნადეჟდა გრანოვსკაია, ანა სედაკოვა და ვერა გალუშკი – ფსევდონიმით ბრეჟნევა, – სწორედ ეს შემადგენლობა გახდა „ვიაგრას“ არსებობის მანძილზე ყველაზე ხმაურინი, სექსუალური და პოპულარული.
უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ბრეჟნევას უკვე ჰქონდა ფიქტიური ქორწინება ვიტალი ვოიჩენკოსთან. მისგან მომღერალს გოგონა, სახელად სონია შეეძინა. ამ პერიოდში „ვიაგრას“ მუსიკალური და შემდეგ უკვე გენერალური პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, დაქორწინებული იყო იანა მელაძესთან. მათ 1994 წელს იქორწინეს და ერთად, 2 გოგონა და 1 ბიჭი ჰყავთ.
უკვე 2006 წელს ბრეჟნევა ოფიციალურად დაქორწინდა ბიზნესმენ მიხეილ კიპერმანზე, ერთი წლის შემდეგ კი, სოლო კარიერის მიზნით, „ვიაგრა“ დატოვა. ამის პარალელურად, ის კინოგადაღებებში მონაწილეობდა და ბედი ტელეწამყვანადაც სცადა. სოლო კარიერამ მომღერალს არანაკლები პოპულარობა მოუტანა, ვიდრე ეს მას ჯგუფის შემადგენლობაში ჰქონდა. 2007 წელს მამაკაცთა ჟურნალმა MAXIM გამოკითხვის შედეგად, ვერა ბრეჟნევა რუსეთის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. მისი ყოველი ახალი სიმღერა კი, ჰიტ-პარადებისა და ჩარტების სათავეებში ექცეოდა. 2009 წელს ლამაზმანი სცენიდან გაქრა. ამის მიზეზი მეორე გოგონაზე ფეხმძიმობა და ბავშვის გაჩენა გახდა. მეორე მეუღლესთან მას საერთო შვილი – სარა კიპერმანი შეეძინა. ოჯახური იდილიის მიუხედავად, წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დასცილდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაინგრა კონსტანტინე მელაძის ოჯახიც, რომელსაც 20 წლიან იუბილემდე, სულ რაღაც 1 წელი აშორებდა.
რუსული შოუ-ბიზნესის ყველაზე გამორჩეული ადამიანების განქორწინებებმა პრესაში მაშინ ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ჩანს, კონსტანტინე მელაძემ მისი უმცროსი ძმის- ვალერი მელაძის ბედი გაიზიარა, რომლის ოჯახური უთანხმოება და კონფლიქტებიც, ჟურნალისტების განხილვის საგანს რამდენიმე წლის მანძილზე წარმოადგენდა.
ჟურნალი ELLE წერს, რომ ცეცხლზე ნავთი თავად იანა მელაძემ- კომპოზიტორის ახლა უკვე ყოფილმა ცოლმა დაასხა. იმ დროს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მათი დაშორების მიზეზი, ქმრის ახალი რომანი და მისგან ღალატი გახდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მეუღლეს სასიყვარულო ურთიერთობა ვერა ბრეჟნევასთან ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. თავად პროდიუსერი, რომელიც ხშირად შენიშნეს ბრეჟნევას გარემოცვაში შვებულებების დროს თუ კიევში, მომღერლის პირად სახლში ყოფნისას, აცხადებდა, რომ ამ ბრალდებებს სიმართლესთან კავშირი არ ჰქონდა და მომღერალთან მას მხოლოდ თბილი მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა აკავშირებდა. ეს ურთიერთობა კი, როგორც მელაძე განმარტავდა, მამისა და შვილის ურთიერთობა იყო და არა შეყვარებული წყვილის ცხელი რომანი. რაც შეეხება თავად ვერას, ის უბრალოდ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა. ერთადერთი განცხადება ამ წლების მანძილზე, მომღერალმა მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რეჟისორ მარიუს ვაისბერგზე გააკეთა. ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ მას საყვარელი მამაკაცი ჰყავდა, თუმცა დეტალების გახმაურებისგან, კატეგორიულად თავი შეიკავა.
პირადი ცხოვრების მცირე დეტალების გახმაურებიდან 2 წლის შემდეგ, უკვე მომღერლისა და ცნობილი კომპოზიტორის, ქართული წარმოშობის კონსტანტინე მელაძის რომანისა და ახლა უკვე გახმაურებული, თუმცა კონფიდენციალური ქორწინების შესახებ გახდა ცნობილი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მომხიბვლელმა გოგონამ „ინსტაგრამზე“ მგრძნობიარე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ბედნიერებაა სიჩუმის სიყვარული, ყველას გისურვებთ ამას“. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი, პოპულარულმა მომღერალმა განაცხადა, რომ მას კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა სურდა. ამ ინტერვიუს მალევე მოჰყვა ვარსკვლავური ოჯახი, რაც ლოგიკურად, ვერა ბრეჟნევას ბოლო სურვილსაც აასრულებს.