„კომსომოლსკაია პრავდა“-მ ჟირინოვსკის „სულთან“ ინტერვიუ გამოაქვეყნა

რუსულმა გამოცემამ — „კომსომოლსკაია პრავდა“-მ სკანდალური მასალა გამოაქვეყნა — გაზეთის რედაქციაში ჩატარებული სპირიტიზმის სეანსის შედეგად, მათივე მტკიცებით, ინტერვიუ აიღეს გარდაცვლილი პოლიტიკოსის, ვლადიმირ ჟირინოვსკის „სულისგან“.

გამოცემის ცნობით, სეანსში მონაწილეობდნენ ე.წ. ექსტრასენსები — ანა პეჩუევა და ანა ილინა. მათი თქმით, რედაქციაში ჩატარებული რიტუალის შემდეგ „ჟირინოვსკის სული“ გამოჩნდა და შუამავლის საშუალებით სხვადასხვა პროგნოზი გააჟღერა.

გამოქვეყნებულ მასალაში „სულის“ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ეხება რუსეთ-უკრაინის ომს. ექსტრასენსის მიერ გადმოცემული ვერსიით:

„წელს, შემოდგომაზე, დასხდებიან და შეთანხმდებიან. თუმცა სროლა იქ კიდევ დიდხანს გაგრძელდება — 2027 წლის განმავლობაშიც. იქნება „წმენდა“. სინამდვილეში ყველაფერი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია, უბრალოდ ხალხს ჯერ არ ეუბნებიან. ეს კონფლიქტი უკვე გადაწყვეტილია და მესამე მსოფლიო ომამდე არ მივა“.

ამავე „ინტერვიუში“ აღნიშნულია, რომ „ჟირინოვსკის სულმა“ სინანული გამოთქვა, რადგან მოლაპარაკებებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. მისი თქმით, თავდაპირველად „სამი ვოლოდია“ უნდა გადარჩენილიყო, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი გადარჩება. როგორც შუამავალი განმარტავს, იგულისხმება სამი ვლადიმირი — თავად ჟირინოვსკი, ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი, ხოლო საბოლოოდ გადარჩენილად პუტინი მოიაზრება, რადგან ზელენსკი „მოკვდება“.

მასალაში ასევე მოყვანილია სხვა პროგნოზები — მათ შორის, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმა შესაძლოა გადამდგარმა სამხედრო პირმა განახორციელოს, ხოლო თავად აშშ „ისევე დაიშლება, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი“.

გარდა ამისა, „ჟირინოვსკის სული“ ახლო აღმოსავლეთშიც დაძაბულობის ესკალაციას პროგნოზირებს. მისი თქმით, აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო დაპირისპირება ირანთან შეიძლება ბირთვულ საფრთხემდეც მივიდეს, ხოლო ისრაელი „შესაძლოა მთლიანად განადგურდეს“. ამ ფონზე, მისი განცხადებით, რუსეთში ლტოლვილთა ნაკადის ზრდაც მოსალოდნელია.

როგორც The Moscow Times წერს, მსგავსი პუბლიკაციები კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ გამოიყენება გარდაცვლილი პოლიტიკოსის იმიჯი მედიისა და საზოგადოების ყურადღების მისაზიდად.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ჟირინოვსკი 2022 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა. მისი პარტია — რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია — დღემდე აქტიურად იყენებს მის სახელსა და განცხადებებს საჯარო სივრცეში.

კომენტარები

სხვა სიახლეები