კომპანია „ნაიკი“ წელს ბოტასების ახალ მოდელს წარმოადგენს. ახალი მოდელი ფილმის „უკან – მომავალში“ მთავარი გმირის მარტი მაკფლაის ბოტასების ასლი იქნება. „ჯადოსნური“ ბოტასები იმით გამოირჩევა, რომ მისი ფეხსაცმლის თასმები თავად იკვრება.
შეგახსენებთ, რომ 1989 წელს რობერტ ზემეკისის მიერ გადაღებულ საკულტო კინოფილმში 2015 წლის ტექნოლოგიებია წარმოდგენილი. ფილმის ავტორის ფანტაზიების დიდი ნაწილი რეალიზებული არ არის, თუმცა ერთ-ერთი ფანტაზიის განსახორციელებლად, რომელიც ავტომატური თასმების მქონე ბოტასების შექმნას ითვალისწინებდა, „ნაიკის“ განცხადებით, კომპანია ჯერ კიდევ 2011 წელს იყო მზად.
1500 ასეთი ბოტასი მაიკლ ჯეი ფოქსის საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა. მაიკლ ჯეი ფოქსი – ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელია, რომელიც პარკინსონითაა დაავადებული.
იმის მიუხედავად, რომ კომპანია „ნაიკი“ ახალი მოდელის შესაძლო ფასს საიდუმლოდ ინახავს, ფილმის „უკან -მომავალში“ თაყვანისმცემლები მარტი მაკფლაის მსგავსი ბოტასების დაუყოვნებლივ შესაძენად მზად არიან.
Next Post
სხვა სიახლეები