მედძმამ კომაში მყოფი ქალი გააუპატიურა და დააორსულა-დამნაშავე დაკავებულია

36 წლის მედძმა არიზონადან დააპატიმრეს იმ პაციენტის გაუპატიურების ბრალდებით, რომელიც უკვე ათი წელია კომაში იმყოფება. დანაშაულის შესახებ მას მერე გახდა ცნობილი, რაც ქალმა იმშობიარა. მას აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი ეყოლა.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ არიზონას ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა პაციენტმა ქალმა, რომელიც წლებია კომაშია. მშობიარობამდე ექიმები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტი ორსულად იყო. როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა და ის პაციენტის ოჯახმა თავისთან წაიყვანა. შტატის პოლიციამ კი ბავშვის მამის ვინაობის დადგენა დაიწყო, რადგან პაციენტი სექსუალურ აქტზე თანხმობას ვერანაირად ვერ განაცხადებდა.
კლინიკის ხელმძღვანელობამ მაშინვე გაათავისუფლა სამსახურიდან დაზარალებული ქალის მკურნალი ექიმი და სხვა თანამშრომლების შემოწმება დაიწყო. პრევენციულად, მამაკაც ექიმებს მდედრობით სქესის პაციენტებთან ქალების თანხლების გარეშე შესვლა აეკრძალათ. ამასობაში პოლიციამ კლინიკის ყველა თანამშრომელი მამაკაცის დნმ-ის შემოწმება დაიწყო.
რამდენიმე კვირის შემდეგ, დამნაშავე დააკავეს. ის 36 წლის მედძმა, ნატან საზერლენდი აღმოჩნდა. მამაკაცს ზრდასრულზე, რომელიც უმწეო მდგომარეობაში იმყოფება, სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. თავად ბრალდებულმა აშშ-ს კონსტიტუციის მეხუთე შესწორებაზე აპელირებით, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ამ დროისთვის, ის სასამართლოს მიერ დაწესებული 500 ათასი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ, პატიმრობაში არ იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები