“კოვიდმა სრულიად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება…აიცერით, რომ ეს ჯოჯოხეთი მალე დამთავრდეს დედამიწაზე!”-ნათია გოცაძე
ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯი” -ის დამფუძნებელი და რექტორი, ნათია გოცაძე “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს და კოვიდის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
“არ ვაპირებდი ჩემი ამბის სახალხოდ გამომზეურებას, მაგრამ კოვიდგავრცელების უკანასკნელი მონაცემების და ვაქცინაციისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შემხედვარემ, გადავწყვიტე დაინფიცირების და სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებლის მიღმა არსებული, კიდევ ერთი რეალობა გაგიზიაროთ.
ეს გადარჩენილი კოვიდგადატანილების რეალობაა, ადამიანების, რომლებზეც დღეს არავინ საუბრობს და რომლებსაც ამ ვერაგმა ვირუსმა ცხოვრება დააკარგვინა!
ასეთები კი ბევრნი ვართ და ალბათ საჭიროა ჩვენი ამბავიც იცოდეთ!
სტანდარტულად პოსტკოვიდური სინდრომი საერთო მახასიათებლებით გამოიჩევა:
– მუდმივი დაღლილობა
– მეხსიერების დაქვეითება
– სისუსტე
– სახსრების ტკივილი
– უხასიათობა
– შფოთვა
– უძილობა
ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც თითქმის ყველა კოვიდგადატანილს დარჩა ,,საჩუქრად“. თუმცა ესეც სანატრელი ხდება, როცა აღმოაჩენ რომ შენი ცხოვრება ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც იყო კ ო ვ ი დ ა მ დ ე! ვეღარ იქნება, რადგან სასიცოცხლო რესურებს დიდი დარტყმა მიადგათ!
ერთია გადაურჩე ამ ვერაგ ვირუსს, ხოლო მეორეა უკვე გადარჩენილმა მისგან დატოვებულ ნაკვალევს დააღწიო თავი…
ასეთების ცხოვრება დღეს ორ ეტაპად იყოფა – კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ..
ასეთები ხელახლა ვსწავლობთ მეტყველებას, სიარულს, ვეგუებით უხერხულ მოძრაობებს, შეცვლილ გარეგნობას, გამოფიტულ კანს, ბღუჯა-ბღუჯა ჩამოტანილ თმებს, მომატებულ კილოგრამებს, დაკლებულ მხედველობას, მოჭარბებულ ემოციებს, დაქვეითებულ გონებას და სხვა ათას ,,აღმოჩენას“… ვცდილობთ აღვადგინოთ დანგრეული ორგანიზმი, ვერგებით და ვირგებთ ახალ მოცემულობას და გვიჭირს დაჯერება, რომ ეს ჩვენ თავს ხდება.
ეს სულ სხვა ამბავია… გადარჩენილი კოვიდგადატანილების ამბავი და ალბათ საჭიროა ეს ამბავიც იცოდეს ყველამ …
ვირუსი ძალიან მძიმე ფორმებში გავიარე. საკმაოდ დიდხანს და ჯიუტად ვიბრძოდი. მეგონა გავიმარჯვე..
საავადმყოფოდან გამოსულს მჯეროდა, რომ აღარასოდეს დავბრუნდებოდი უკან… რომ ყველაფერი იქ, იმ კედლებში დავტოვე..
პოსტკოვიდური მდგომარეობა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. აქ არანაკლები ბრძოლა გიწევს – ახლა უკვე იმისთვის, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე..
თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, რამდენჯერ მოვხვდი საავადმყოფოში, რამდენი სხვადასხვა პროცედურით, მკურნალობის მეთოდით თუ მედიკამენტით ვაგრძელებ ყოფას.. არც იმ ყოველდღიურობაზე დავიწყებ ვიშვიშს, რომელიც ექიმიდან ექიმამდე, კვლევიდან კვლევამდე, პასუხიდან პასუხამდე იწელება უსაშველოდ … არც ამ პროცესების აღმწერი სამედიცინო ტერმინებით გადაგღლით – მე თვითონაც გამიჭირდა მათი დასწავლა …
უბრალოდ გეტყვით, კოვიდმა სრულიად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება!
მთელი ძალით ვცდილობ არაფერი შემეტყოს, ვახერხებ კიდეც, მაგრამ რაც არ უნდა მოვინდომო, ფაქტი ერთია – მე მე აღარ ვარ!
მე, რომელსაც დღეღამეში 24 საათი და კვირაში 7 დღე არასდროს მყოფნიდა და ათი ადამიანის სამყოფი ენერგიით ვიყავი სავსე, დღეს ვარ უმოქმედო და უსუსური არსება, რომელიც უდიდესი ძალისხმევით ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.. რომელიც ვერ უმკლავდება ელემენტარულ დატვირთვასაც კი.. რომელსაც თითქმის აღარაფრის კეთება შეუძლია და მხოლოდ მაშინ არის სტაბილურად, თუკი ფაიფურის თოჯინასავით ერთ ადგილას, ერთ მდგომარეობაშია მოსვენებული.
ჩემი წუწუნი არავის გაუგია, არც ახლა ვაპირებ მოთქმა – ტირილს… მჯერა, რომ ოდესღაც ამასაც მოვერევი.. მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც ჩემს თავს, ჩემს ცხოვრებას აუცილებლად დავიბრუნებ! არ ვიცი, ეს როდის მოხდება, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ თქვენ გაქვთ შანსი თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი!
ამიტომაც, ა ი ც ე რ ი თ!!!
აიცერით, რომ ეს ჯოჯოხეთი მალე დამთავრდეს დედამიწაზე!
აიცერით, რომ თავისუფლად სუნთქვა შეძლოს ადამიანმა!
აიცერით, რომ გადარჩეთ და გადაარჩინოთ!
აიცერით თქვენი და სხვების სიცოცხლისთვის!
#აიცერით და გახსოვდეთ, რომ კოვიდი მხოლოდ მკვლელი არ არის, მისგან გადარჩენაც ძალიან ძვირი უჯდება ადამიანს!”- წერს ნათია გოცაძე.