კლინიკაში 100 ზე მეტი ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი ცე ჰეპატიტით დაინფიცირდა

რუსეთში, ამურის რაიონულ ბავშვთა კლინიკაში 100-ზე მეტი ბავშვი ცე ჰეპატიტით დაინფიცირდა. ისინი ონკოლოგიური პაციენტები არიან. როგორც ირკვევა, მას მერე რაც ინფორმაციამ მედიაში გაჟონა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 26 ბავშვის დაინფიცირების შესახებ განაცხადა, თუმცა, რეალური ციფრი ბევრად უფრო საზარელი აღმოჩნდა.
„როცა მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, სხვა მშობლებიც გამოჩნდნენ, რომელთა შვილები ამ განყოფილებაში იწვნენ და ცე ჰეპატიტით დაინფიცირდნენ. ჩვენ შევადგინეთ სია, დაახლოებით, 100 ადამიანზე, რომლებისთვისაც დიაგნოზი 2013 წლიდან 2018 წლამდეა დასმული. თუკი ბოლო სამ წელიწადს ავიღებთ, ეს დაახლოებით, 60 ადამიანი გამოდის“, – ამბობს ერთ-ერთი პაციენტის დედა.
მისი თქმით, ბევრად უფრო მეტი არასრულწლოვანი დაინფიცირდა, თუმცა სიაში არ შევიდა შემთხვევები, რომლებიც 10 წლის წინ არის დაფიქსირებული.
ბავშვების მშობლები მიიჩნევენ, რომ დაინფიცირების მიზეზი, ცუდად დამუშავებული სამედიცინო ინსტრუმენტებია.
ყველაზე უმცროსი პაციენტი, რომელიც ცე ჰეპატიტით დაავადდა, წლინახევრისაა. ამ ვირუსის გამო, მას ძვლის ტვინს ვერ უნერგავენ, რომლის გარეშეც ის ვერ გადარჩება.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ბლაგოვეშენსკში მომხდარ აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები