ბავშვობაში ყველაფერი უფრო იოლი იყო. ეზოში ცარცით წრეებს დავხატავდით, ზედ ოკრობოკროდ ციფრებს დავაწერდით და ვიწყებდით! თამაშისას მთავარია ფეხი ხაზზე არ დაგვებიჯებინა, წრიდან წრეში გადავმხტარიყავით, რომ მერე იქიდან შემდგომ კლასში გადასვლის საშუალება გვქონოდა. ვინც ხაზს გადაცდებოდა და წესს დაარღვევდა, იმავე კლასში რჩებოდა. სახალისო თამაში იყო. ვიცინოდით, ვხუმრობდით, ზოგჯერ “ვჭინჭყლობდით” კიდეც, მაგრამ ბავშვობის ის საღამოები განსაკუთრებით მიყვარდა. ნაძვის ხეების ქვეშ დახატულ ცარცის კლასში ბტყელი ქვებით თამაში. ზაფხულისა თუ შემოდგომის თბილი მზე, შეღამებულზე მშობლების გადმოძახილი, სიცილი, უზრუნველი ყოფა და დრო, რომელიც გგონია, რომ შენ დაგყვება, მხოლოდ შენია.
მაგრამ წლები გავიდა და თამაშიც გართულდა. კორტასარის “კლასობანა” თუ წაგიკითხავთ, დაახლოებით ისე მოხდა. თითქოს ყველაფერი აირია, საათის ისრებიც სწრაფად დატიალდა და ეს ადამიანები, ამბები, ემოციები, ეს თავისუფლება თავის წრეში, თავის ცხოვრებისეულ რიგსა და წესში მოსაქცევი გახდა, სულ დასანომრი და დასალაგებელი.
და ასე ყველაფერს თავისი ციფრი და ადგილი მიენიჭა: სახლი, სამსახური, ოჯახი, კარიერა, შვილები, მეგობრები, ზაფხულის თუ ზამთრის შვებულება, მოგზაურობა…
უფრო დაწვრილებითაც შემიძლია: დილით ყავა, ბავშვების საუზმე, საცურაო აუზი, სამსახური, შეხვედრები, ლანჩი, სამსახური, ახალი პროექტები, (დროდადრო სოცქსელები, საინფორმაციო სააგენტოების ნაკადი, მეგობრების ვირტუალური და ზედაპირული მიმოკითხვა), ვახშამი, სახლი, ბავშვები, და დღის ბოლოს ინტელექტუალებისთვის წიგნის ორიოდე ფურცელი, განსაკუთრებით დაღლილთათვის – ტელევიზორის პულტით არხიდან არხზე უაზრო ხეტიალი …
და დასვენებაც თავისებურად დანომრილი: პარასკეობით -კლუბი, შაბათობით -ქორწილები, კვირაობით – წირვა, დღესასწაულებზე- ქალაქგარეთ გასეირნებები, და წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ მოგზაურობები. ვახერხებთ ზოგიერთნი. რატომაც არა…
ეს ალბათ იდეალური სურათია. რუტინული “ზავოდი-კრავოტის”ასევე რუტინული, მაგრამ მაინც მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, შემდგარი ვარიანტი. მოკლედ, მე სხვებთან შედარებით ალბათ გამიმართლა, მაგრამ, იცოდეთ, განსხვავება მხოლოდ წრეების სიმრავლეშია და მეტში არაფერში. აქაც მთავარია ყველაფერი დალაგდეს და საკუთარი წრიდან, საკუთარი ხაზიდან ფეხი არ გადაგვიცდეს. ამიტომ დროც სხვებზე ნაკლები მრჩება. გვერდზე იშვიათად ვიყურები. აღარც ჩამავალი მზის საცქერლად მცალია, აღარც ჩიტების ჭიკჭიკის მოსასმენად, ჩემი ქოთნის ყვავილები კარგა ხნის წინ გახმა, თოვლმა ისე დადო, რომ მხოლოდ ერთხელ, ისიც მექანიკურად ვთქვი – “რა ლამაზია”.. არც ის მახსოვს, გუშინ მეზობელმა რაღაც წიგნი რომ მთხოვა, არც ის, თანაკურსელები შეხვედრას რომ ვგეგმავდით, არც ის, დედას თეატრში წაყვანას რომ დავპირდი. აუზზე, სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებსა თუ სხვადასხვაგვარ საღამოებზე ათასჯერ ნანახ ადამიანებთან კომუნიკაცია ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროა. ისინიც საკუთარ წრეებში შეკეტილნი არიან. ასე რომ აზრების გაზიარებისა და საუბრისთვის კი არა, მისალმებისთვისაც აღარ გვცალია. ძალიან დაკავებულები ვართ! ძალიან!
ახლა ხომ მთავარია, კლასიდან კლასში გადავიდეთ. მთავარია, დრო არ დავკარგოთ! ყველაფერი მოვასწროთ!
დიახ, ჩვენ სრულყოფილი სამყარო შევქმენით. ის ცარცით ნახაზი წრეები ახლა აბსტრაქტულ, მაგრამ ნამდვილ, ჩაკეტილ წრეებად, რკინის გალიებად ვაქციეთ, ჰოდა, ასე სოციალურ აუტიზმში, საკუთარ მიკროსამყაროებში შეხიზნულნი კლასიდან კლასში ალბათ წარმატებითაც გადავდივართ, მაგრამ თანდათან ვკარგავთ მთავარს. ვკარგავთ მოთამაშეებს! ვკარგავთ ერთმანეთს…
სწორედ იმ ადამიანებს ვკარგავთ, ვისთან ერთადაც ვარსებობდით და ვიცინოდით, ვის გარეშეც უბრალოდ არც აზრი არ აქვს, არც აზარტი, არც სიხარული ამ გრძელ, ცხოვრებისეულ თამაშს.
იმ დროს ვკარგავთ, რაც ყველაზე ძვირფასია. ერთმანეთთან ურთიერთობის საუკეთესო წუთებსა და საათებს. დიდი ხეების ჩრდილქვეშ გასატარებელ თბილ საღამოებს, მისალმებებსა და დამშვიდობებს, ღიმილსა და თავგადასავლებს, სეირნობებსა და ახალ შეხვედრებს, ზღვაზე ჩამავალი მზეების ცქერას, თხილამურების სრიალით დაღლილ, ერთობლივ ამოსუნთქვებს, ერთად სამღერ მელოდიებს, ერთად გასავლელ გზებს, თავისუფლებას… სიყვარულს…
და მგონი დროა თავიდან დავიწყოთ. სულ, სულ პირველი კლასიდან.
პირველ ნაბიჯს ვდგამ მე.
მოვდივარ და გეუბნები:
გამარჯობა, კლასელო!