კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-9 აპრილი

კვირის დასაწყისი იმით იქნება გამორჩეული, რომ რეტროგრადულ (უკანმავალ) ფაზაში მოძრავი ვენერა ვერძის ნიშნიდან ისევ თევზების ნიშანში დაბრუნდება დროებით. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში ძველი თემების წინ წამოწევას უნდა ველოდოთ. თუმცა, ურთიერთობების გარჩევა საკმაოდ ემოციური იქნება. წყვილებს შორის ურთიერთბრალდებებიც მოიმატებს და უკვე არსებულ პარტნიორებსაც გაუჩნდებათ ერთმანეთზე “გაბუტვის” თითქოსდა რეალური მიზეზები. მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ამ პერიოდში დაწყებულ სასიყვარულო კავშირებსაც. საქმე იმაშია, რომ ერთი მხრივ ეს ურთიერთობა ნაკლებად იქნება პერსპექტიული, მეორე მხრივ კი შესაძლოა თქვენი ახალი ნაცნობი იდუმალების ბურუსში ხვევდეს საკუთარ პერსონას და მის შესახებ, რეალური ინფორმაცია ძნელად მოსაძიებელი იყოს.
6 აპრილიდან პლანეტა სატურნი რეტროგრადულ ფაზაში გადადის და მისი ეს “ვოიაჟ” საკმაოდ ხანგრძლივად გაგრძელდება (25 აგვისტომდე). რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოვლენა, ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან და გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგიური ლექსიკონის მიხედვით, სატურნი ერთ-ერთი დამსჯელ პლანეტათაგანია, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა სახის გაკვეთილს უტარებს ცხოვრების გზაზე საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელებმა, სამომავლოდ მეტი პასუხისმგებლობა შეიძინონ და დაკვირვებით მოეკიდონ ზოგადად, მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
თუმცა, საქმიან სფეროში შეიძლება ითქვას, ბევრისთვის საუკეთესო პერიოდიც დგება ამ მხრივ. ეს იმიტომ, რომ სწორედ სატურნის რეტროგრადული ფაზა მოიტანს ჩვენი დიდი ხნის ნაშრომის საბოლოო შედეგებით ხილვის ბედნიერებას და იმის გააზრების უნარს, თუ რა დავტოვოთ და რა სამუდამოდ მოვხსნათ დღის წესრიგიდან, ჩვენს სამომავლო საქმიანობაში.
სატურნის რეტროგრადულ ფაზას, რომელიც თავის მხრივ მშვილდოსნის ზოდიაქოში ხდება – მარსისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტი უმაგრებს ზურგს კვირის მანძილზე. ამიტომ სავსებით რეალურია ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე კვირიდან ბევრი ხმაურია მოსალოდნელი პოლიტიკური ცხოვრების კუთხით. არ არის გამორიცხული გაქტიურდეს მსოფლიოს “ცხელი წერტილებიც”. მით უმეტეს, რომ ზემოჩამოთვლილ ასპექტებს სიმწვავეს მზისა და იუპიტერის ოპოზიციაც დაუმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დიპლომატიური მოლაპარაკებები კომპრომისების არარსებობის გამო მალე შევიდეს ჩიხში, ან დაპირებები ამაო აღმოჩნდეს.
კვირის მიწურულს ზემოჩამოთვლილი ნეგატიური ასპექტების გამო სასურველია, თავი შეიკავოთ ზედმეტი ვალებულებების აღებისგან. არ არის კარგი უძრავი ქონების შეძენა, საცხოვრებლის ცვლა, სასწავლო პროცესის წამოწყება თუ ვიზიტი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებს კვირის ბოლოს ვენერა-სატურნის კვადრატიც გააქტიურებს. ადამიანებში შესაძლებელია გარკვეულმა სიცივემ და ემოციურმა ბარიერებმა იმატოს. რაც დიდი ალბათობით წარსულიდან წამოსული წყენის გამოძახილი იქნება.
ამიტომ სასურველია, მეტი გახსნილობა საყვარელ ადამიანებთან და ქორწინების პარტნიორთან, რათა არ მოხდეს კონფლიქტის ან სულაც განშორების პროვოცირება თქვენს შორის. მით უმეტეს, რომ ზუსტად კვირის მიწურულს რეტროგრადული პლანეტების ამ უჩვეულო “აღლუმს” პლანეტა მერკურის რეტროგრადულობაც შეუართდება. რეტრო მერკურის დროს კი მოგეხსენებათ, ადამიანებს ძალიან უჭირთ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე კომუნიკაცია და რთულდება კონსენსუსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები