შემოდგომის ბოლო თვე მოვლენებით დატვირთული, დინამიკური, ემოციურად აქტიური და ცვლილებებით სავსე გველის. ეს ე.წ. “გარდამავალი” პერიოდია, როგორც კონკრეტული ადამიანების, ისე გლობალურად მიმდინარე მოვლენების კუთხით. ნოემბერს ყოველთვის მოაქვს ტრანსფორმაცია, ცვლილებები, ფასეულობათა გადაფასების აუცილებლობა და მოულოდნელი, ხშირად აბსოლუტურად დაუგეგმავი მოვლენები. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, პერიოდის სრულუფლებიან მმართველი ხომ ამჯერად აგრესიული, ექსპანსიური მორიელია. მზესთან ერთად კი, პლანეტა მერკურიც მორიელის ზოდიაქოში იმყოფება მოცემულ მომენტში.
კვირის დასაწყისში მარსი-უარნის ნეგატიური ასპექტაციის გამო, მომატებული იქნება ადამიანებში გაღიზიანებულობა, ფეთქებადობა, კონფლიქტების არაადეკვატური გზით გადაჭრის სურვილი და მოთხოვნილება დაუყოვნებლივ მიიღონ შედეგი. ამიტომ, სანამ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით დაანგრევდეთ და თქვენი საქციელით სერიოზულ ზიანს მიაყენებდეთ საკუთარ იმიჯსა და რეპუტაციას გაიხსენეთ, რომ ამ დღეებში თქვენი ემოციურობა პლანეტარული გავლენის ბარლია. თავს სიმშვიდისკენ მოუწოდეთ და თუ მაინცდამაინც გერჩით გული კონფლიქტების მოსაწყობად, სულ მცირე კვირის ბოლომდე გადაიტანეთ ეს ყველაფერი. ამ დღეების მანძილზე ტრანზიტი დაიშლება თქვენც აღარ გაგიწევთ გული საკუთარი ემოციებისა და აგრესიის დესტრუქციული გამოვლინებისკენ.
სანამ, ცაზე ურანისა და მარსის ნეგატიური ასპექტი ფიქსირდება – ეს პერიოდი კი დაახლოებით ხუთ ნოემბრამდე გასტანს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ ავტომანქანის საჭეს. აკონტროლეთ სიჩქარე და გულდასმით შეამოწმეთ თავად ავტომობილის ტექნიკური გამართულობა. აუცილებელია ასევე, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ ელექტრო ხელსაწყოებთან და სხვადასხვა სახის მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პროცესში.
კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების კუთხით. განსაკუთრებით იმ წყვილებისთვის, რომელთა ურთიერთობაც გონივრულ დამოკიდებულებას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების ქონას ეფუძნება. ასეთ პერიოდში ადვილია ვაკონტროლოთ გრძნობები და ნაკლებად ავყვეთ გულისთქმას სასიყვარულო ფრონტზე. თუმცა, გამორიცხული არ არის ემოციების გამოხატვის მხრივ გაგვიჩნდეს პრობლემა და პარტნიორმა, გადამეტებულ სიცივეში დაგვადანაშაულოს. ასე რომ, დოზირებულად სითბოსა და ყურადღების გამოხატვა ნამდვილად არ იქნება ურიგო საკუთარი მეორე ნახევრისა თუ ძვირფასი ადამიანების მიმართ.
უახლოესი კვირის მანძილზე მზე მორიელის ერთობ მნიშვნელოვან – სამეფო გრადუსს გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პერიოდი (დაახლოებით 4-6 ნოემბრის შუალედი) შესანიშნავ შანსებს მისცემს ხელოვან და კრეატიულ ადამიანებს. სარეკლამო, თეატრალურ, შოუბიზნესის სფეროში მომუშავე ხალხს. იდეალური დღეებია მნიშვნელოვანი, მსხვილი შენაძენისთვის. კარგი პერიოდია ასევე საიმისოდ, რომ გააფორმოთ პერსპექტიული საქმიანი შეთანხმება და საძირკველი ჩაუყაროთ, რაიმე ტიპის მასშტაბურ პროექტს. განსაკუთრებით ნაყოფიერი ამ მხრივ სახელოვნებო, შემოქმედებითი ხასიათის პროექტები იქნება.
კვირის მანძილზე პლანეტა ვენერა ურანთან გააკეთებს დადებით ასპექტს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები, მოულოდნელი და სარფიანი შემოთავაზებები ბიზნესპარტნიორების მხრიდან. გამორიცხული არ არის ახალი, რომანტიკული ნაცნობობა და საინტერესო რომანის დაწყებაც ბევრის ცხოვრებაში.
კვირის მიწურულს კიდევ ერთი ნეგატიური ასპექტი უნდა “გადავაგოროთ”, რომელიც მთვარისა და პლუტონის შეერთების სახით დაფიქსირდება ცაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ფსიქოლოგიური მანიპულაციის, ინტრიგების ალბათობა. მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებს. სასურველია, არ შეხვიდეთ კონფლიქტში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან. ერიდეთ ეჭვიანობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge