შეიძლება ითქვას მეგობრებო, რომ მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი თავისი დაბნელებებითა და ნეგატიური პლანეტარული ასპექტაციებით ასე თუ ისე დასასრულს უახლოვდება. მართალია, კვირის დასაწყისი ჯერ კიდევ იქნება შენარჩუნებული მთვარის სრული დაბნელებისას შექმნილი ნეგატიური კოსმიური ენერგეტიკა, თუმცა თქმა არ უნდა, სიტუაცია და რაც მთავარია, განწყობა ზოგადად ადამიანებში, უკვე შესამჩნევად უმჯობესდება.
სავსემთვარეობის პიკის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირის ბოლოს დაგვაჯილდოვა კოსმოსმა, ახალი კვირა შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ დიეტის, გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების გრანდიოზული გეგმებით. დიახ, დიახ ეს ის დროა, როცა ასეთი გეგმები გეგმებადვე არ დარჩება და სამომავლოდ ბევრი თქვენგანი იხილავს ნანატრ და რაც მთავარია, პოზიტიურ შედეგს, რომელიც ვიზუალური იმიჯის მკვეთრ გაუმჯობესებაში გამოიხატება. მოგეხსენებათ, გაზაფხულია კარს მომდგარი და გარეგნობაზე ზრუნვა დიახაც, რომ ერთობ ურპიანი თემაა ამ დროს!
კვირის პირველი ნახევარი შესაძლოა ბევრ ადამიანში მომატებული ამბიციების გამოხატვით ან ძალაუფლებისათვის ბრძოლის ღია სურვილით გამოვლინდეს. თუმცა, არ გირჩევთ ამ პერიოდში თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინმეს შევიწროებას როგორც პირადი ისე საქმიანი ურთიერთობების კუთხით. იმიტომ რომ შედეგი აბსოლუტურად საპირისპირო და რაც მთავარია, თქვენთვის არცთუ სასიამოვნო იქნება. არ არის ამ პერიოდში მიზანშეწონილი მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება ან რაიმე ტიპის დიდი პროექტის დაწყება.
კარგი იქნება თუკი კვირის შუალედში მაქსიმალურად დაუკვირდებით გაჟღერებული ფრაზების და ზოგადად ინფორმაციის სისწორეს. გარდა ამისა, დიპლომატიაც დიდი დოზით მოგეთხოვებათ, რომ თქვენივე წამოსროლილმა, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა რეპლიკამ საზოგადოებაში აღშფოთების კორიანტელი არ გამოიწვიოს.
სასურველია, მიმდინარე კვირის მანძილზე ასევე მაქსიმალურად მოერიდოთ ნებისმიერი სახის სამართლებრივ დავას, ზოგადად საკანონმდებლო ორგანოებში სიტუაციის გარკვევას და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ხანგრძლივად ყოფნას. გარდა ამისა, არ არის სასურველი ხანგრძლივი მგზავრობა, მით უმეტეს თუკი დანიშნულების ადგილი მთიანი რეგიონი იქნება.
კარგი პერიოდი დგება მათთვის ვისი საქმიანობაც კავშირშია სამეცნიერო კვლევებთან, ფსიქოლოგიასთან, სარეკლამო და კრეატიულ სამსახურთან. უკვე 8-10 აპრილის პერიოდიდან კი არანაკლებ მოემართებათ ხელი ჟურნალისტურ სარბიელზე მომუშავე ადამიანებს, მწერლებსა და პუბლიცისტებს. ასევე იმ ხალხს ვისი სამოღვაწეო სფეროც ხალხთან უშუალო კომუნიკაციას და მუდმივ გადაადგილებას მოითხოვს.