მართალია, დაბნელებების “კორიდორი” ამ ეტაპზე (აგვისტომდე) უკან მოვიტოვეთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცეცხლოვან ვერძის ზოდიაქოს გადის და ზოგადად მაიმუნის წელია, მოულოდნელობებისა და სიურპრიზებისაგან არც შემდგომ პერიოდში ვიქნებით დაზღვეული, მეგობრებო.
29 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, პლანეტა მერკური ტრინით სატურნთან, კვადრატურით პლუტონთან და შეერთებაში ურანთან გამოიწვევს იმას, რომ გაიზრდება მოულოდნელი შეხვედრების, დაუგეგმავი ნაცნობობის, ორიგინალურ ადამიანებთან და სიტუაციებთან შეხების ალბათობა. ზოგადად, იცოდეთ, რომ კვირის დასაწყისში ბევრ ჩვენგანს დასჭირდება შეცვალოს უკვე აღებული დღის წესრიგი და გრაფიკი, რომელიც წინა კვირიდანვე იყო დაგეგმილი აბსოლუტურად სხვა ყაიდაზე “გადაახალისოს”.
გაითვალისწინეთ, რომ კვირის მანძილზე ცუდად იმუშავებს ტექნიკა. შესაძლებელია დაუგეგმავი პრობლემები წარმოიქმნას კომპიუტერულ ქსელში და ზოგადად ინტერნეტტექნოლოგიების მხრივაც იყოს ხარვეზები. მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს ხელთ არსებული ყველა სახის ელექტრონული დოკუმენტაცია საიმედოდ იყოს დუბლირებული.
ამ პერიოდში მოიმატებს ადამიანებში ურთიერთდაპირისპირების, საკუთარი აზრის დაცვის სურვილი და შემართება. რამაც შესაძლოა ხმაურიან კონფლიქტებსაც დაუდოს საფუძველი პროფესიულ სარბიელზე.
მოსალოდნელია უკვე შეთანხმებული მოლაპარაკებების დარღვევა ან შეთანხმების ხელახალი გადახედვა. დიდი გულისყური გმართებთ ბიზნესპარტნიორებთან; აუცილებელია, რომ ამბიციებმა არ დაგიბინდოთ გონება და ოპონენტების აზრიც აუცილებლად გაიზიაროთ.
კვირის შუა პერიოდამდე მომატებულია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. აქტიური იქნება სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ავარიების ალბათობაც. მსოფლიოს მასშტაბით კი ძალზე მატულობს ტერაქტებისა და მოულოდნელი მოვლენების ალბათობა. სასურველია, თუ მიმდინარე კვირის მანძილზე არ დაგეგმავთ ხანგრძლივ მოგზაურობას მით უმეტეს, თვითმფრინავით. თავი შეიკავეთ ასევე ექსტრემალური სპორტის სახეობებისა და სახიფათო მარშრუტებზე პიკნიკის მოწყობისგან.
კვირის მეორე ნახევარში იზრდება ადამიანებში ანალიტიკური აზროვნების კოეფიციენტი. ეს კარგი პერიოდია კვლევითი მუშაობის დასაწყებად. ნაყოფიერი იქნება ეს პერიოდი მეცნიერებისთვის, კრიმინალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი სამუშაოც ტექნიკას, ინტერნეტტექნოლოგიებს და მანქანა-დანადგარებს უკავშირდება. მომატებულია გონებრივი აქტივობა, რაც სტუდენტებსაც შეუწყობთ ხელს იმაში, რომ უფრო ნაყოფიერი იყოს მათი სწავლა-მეცადინეობის პროცესი. შესანიშნავი პერიოდი უდგათ სარეკლამო ბიზნესში მომუშავე ადამიანებს, ასევე პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებს. ჩნდება ორიგინალური იდეები, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდ დიდ წარმატებას ან სოლიდურ ფინანსურ შემოსავლებს გპირდებათ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge