კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 14 – 20 მარტი

სანამ “დაბნელებებს შორის კორიდორს” მშვიდად გადავაგორებთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე რეალურად აისახა დაბნელების ნეგატიური ენერგეტიკა მიმდინარე მოვლენებსა და ადამიანებზე. თუმცა, აქვე გავმეორდები და კიდევ ვიტყვი იმას, რომ ამ პერიოდში გარკვეული “ტესტირება” ხდება ჩვენი ფსიქიკისა და ემოციების, გააზრებული თუ გაუაზრებელი საქციელის. ასე რომ, სანამ კიდევ ერთ, ამჯერად მთვარის დაბნელებასაც გადავაგორებთ და მოვიტოვებთ უკან თევზების ინტრიგებითა და ზედაპირზე ამოტივტივებული საიდუმლობებით გაჯერებულ პერიოდს, აუცილებელია ვიცოდეთ, ყველა ჩვენი ნაბიჯი და სიტყვა, ამ ეტაპზე თავისებურ გამადიდებელ ლინზაში ხვდება. ასე რომ, აგრესიას გასცემთ? მიიღებთ აგრესიას გაორმაგებული დოზით, სიკეთეა თქვენი სავიზიტო ბარათი? ელოდეთ სამყარო აუცილებლად გამოიმეტებს თქვენთვის მალე ყოველივე დადებითს.
კვირა მერკური სატურნის ნეგატიური ასპექტით დაიწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიური იქნება “მამათა და შვილთა ომი”. გამორიცხული არ არის ხელქვეითებსა და მაღალჩინოსნებს შორისაც მოხდეს ამა თუ იმ ინსტანციაში მძაფრი დაპირისპირება. აკონტროლეთ სიტყვები ამ დღეს. თქვენი ტონი შესაძლოა იმაზე მკაცრი იყოს ვიდრე გეჩვენებათ. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და ლმობიერება.
კვირის დასაწყისიდან ძალაში შედის ე.წ. “გენდერული პლანეტების” ომიც, ანუ ვენერა მარსს დაუპირისპირდება, რაც სქესთაშორის კონფლიქტების დიდ კატალიზატორად შეიძლება მოვიაზროთ. დიდი იქნება შეყვარებულ წყვილებსა თუ უკვე დაოჯახებულ პარტნიორებს შორის კონფლიქტისა და დრამატული მოვლენების ალბათობა. ამიტომ ამ პერიოდში კარგად უნდა აკონტროლოთ ემოციები, არ აყვეთ ჭორებს და მაქსიმალურად დიდი სითბო, მოთმინება და ყურადღება გამოხატოთ საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ. ნუ იქნებით ცინიკურები და ენამწარეები, რის ალბათობასაც კვირის შუაგულში მერკური-პლუტონის ასპექტი ერთი-ორად გააძლიერებს. იყავით ლოიალური ახლობელი ადამიანების შეცდომების მიმართ, მოუფრთხილდით პარტნიორებს, ნაკლებად აკრიტიკეთ და მეტად დააფასეთ გარშემო მყოფები ზოგადად.
კვირის შუაგულში ნუ დაგეგმავთ უცხოეთთან დაკავშირებულ აქტივობებს. სასურველია, გადადოთ მივლინებაც. ამ პერიოდში აკონტროლეთ თქვენი დანაპირები. იმის ალბათობა, რომ საკუთარ თავზე შესაძლებლობის ფარგლებში არსებულ რესურსზე მეტი აიღოთ ძალიან იზრდება. სამაგიეროდ, მომავალში თქვენ მიერ ამ პერიოდში გაჟღერებული ვალდებულებები მძიმე ტვირთად დაგაწვებათ.
კვირის მიწურულს კარგი პერიოდი იქნება მსხვილი ფინანსური და საბანკო ოპერაციების დასაგეგმად. შესაძლებელია ამ პერიოდში უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებშიც იაქტიუროთ. კარგი პერიოდია წვრილი ბიზნესით ან სამრეწველო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. უმართლებთ ასევე ტურიზმის, იურიდიული და საკანონდმებლო ორგანოს წარმომადგენლებსაც.
ოც მარტს მზე, თევზების ზოდიაქოს დატოვებს და ცეცხლოვან ვერძს დაეთმობა უახლოესი ერთი თვე ბურთი და მოედანი. ამიტომ ყველა ის მოველნა თუ ქმედება, რომელიც ამ პერიოდში ჩუმად პროგრესირებს, დიდი ვნებათაღელვის მორევში გადაიზრდება. სამაგიეროდ, გაიზრდება პირდაპირი დაპირისპირებების ალბათობა,მაგრამ ადამიანებში მოიმატებს გულწრფელობისა და ბრძოლისუნარიანობის კოეფიციენტიც. ზოგადად მოიმატებს სიცოცხლისუნარიანობა და აქტივობა. თუმცა ამ ენერგეტიკის მართვა ყველასთვის იოლი როდი იქნება.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები