კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7-13 მარტი

დამდეგი კვირა საკმაოდ ემოციური, მოვლენებით დატვირთული და შეიძლება ითქვას, რთული იქნება. ეს იმიტომ, რომ პლანეტარულად უმნიშვნელოვანესი მოვლენების ე.წ. “დაბნელებების” სეზონი იხსნება მარტიდან და პირველი მნიშვნელოვანი დაბნელება ზუსტად რომ ამ კვირის უწევს. მანამდე კი 6 მარტს მზე-სატურნის დაძაბული ასპექტის გამო შესაძლებელია გააქტიურდეს კორპორატიული ინტრიგები, მაღალჩინოსნებსა და ხელქვეითებს შორის დაპირისპირებები, ურთიერთობის გარკვევის ერთობ ხისტი მცდელობა ან თავად ზემდგომებისგან დაქვემდებარებულებზე ზეწოლის ფაქტები.
ამ პერიოდში მოერიდეთ ზოგადად კანონის წარმომადგენლებთან კონფლიქტებს, თუნდაც უმნიშვნელო დონეზე. იქნება ეს დავა პატრულთან თუ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან ბიუროკრატიულ საკითხებზე. ყურადღებითა და პატივისცემით მოეკიდეთ ოჯახის უხუცეს, უფროს წევრებს. ნუ აჰყვებით მათ კამათსა და ჩხუბში. მეტი დათმობა და ლოიალურობა გამოიჩინეთ ხანშიშესული ადამიანების მიმართ ზოგადად.
8 მარტს მზე იუპიტერის დაძაბული ასპექტაცია ადამიანებში გაზრდის ტრაბახის, არარეალური გეგმებისა და დაპირებების დადების მოთხოვნილებას. ასეთ პერიოდში ხალხი მიდრეკილია იმაზე მეტი მოლოდინი იქონიოს ყველაფერში ვიდრე საჭიროა. მაქსიმალური კონტროლი გაუწიეთ იმას თუ რა სახის პასუხისმგებლობებს იღებთ საკუთარ თავზე ამ დღეს. ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს, ნუ გააკეთებ დაპირებებს. ასევე ბრმად ნუ ენდობით ნურც ერთ შემოთავაზებას, მით უმეტეს, თუ იგი უცხოეთთან დაკავშირებულ თემებს ან უცხოელებთან თქვენს პარტნიორობას უკავშირდება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს დაბნელებისწინა პერიოდია, ამიტომ იდეები, რომელიც ამ დროს თავში მოგდით, შესაძლოა ერთი შეხედვით გენიალურად გეჩვენებოდეთ. თუმცა არ არის აჩქარება საჭირო. აჯობებს მოითმინოთ და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე კარგად აწონ-დაწონოთ ახალი პროექტებისა და იდეების რეალურობა. შესაძლოა ყველაფერი არც ისე მარტივად გამოვიდეს ან ამა თუ იმ საქმის საბოლოო რეზულტატი იყოს თქვენთვის მიუღებელი.
მზის დაბნელება 9 მარტს (რომლის შესახებაც ჩვენი საიტის მკითხველებს დამატებით შევთავაზებთ უფრო ვრცელ სტატიას) თევზების ზოდიაქოში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიურდება ყველა სახისა და ჯურის აფერისტი, მანიპულატორი და შანტაჟის მოყვარული ადამიანი. ასეთ პერიოდებში ამა თუ იმ საკითხში ჩვენი ე.წ. “დაბოლება” მარტივი ხდება. შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ ახალ ნაცნობობასა და შემოთავაზებას. დაბნელების ენერგეტიკა გააქტიურებს უაზრო რისკის მოთხოვნილებას, გააძლიერებს ადამიანებში ფსიქოლოგიური ზეწოლის და ემოციური ცვალებადობის პრეცედენტს. ამ პერიოდში ფსიქიკა აგერსიულ იმპულსებს ადვილად ემორჩილება. შესაბამისად, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. თავი მოვარიდოთ ყველა სახის მისტიკურ, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. მაქსიმალურად მოერიდეთ ისეთი ტიპის ქმედებებს, რომელიც კანონის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს.მაქსიმალური გამჭვირვალობით აწარმოეთ ყველა სახის ფინანსური დოკუმენტაცია. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ ფულის იოლი და სწრაფი გზით გამომუშავების პერსპექტივებს. იმიტომ რომ დაბნელების ენერგეტიკას 11 მარტს მერკური-ნეპტუნის შეერთებაც გააძლიერებს და ადამიანები ზოგადად მიდრეკილი იქნებიან შეცდომაში შეიყვანონ ერთმანეთი ან გაუცნობიერებლად ხლართონ ინტრიგები სამსახურეობრივ სარბიელზე.
12 მარტიდან პლანეტა ვენერა მერწყულის ზოდიაქოს დატოვებს და თევზების ნიშანში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება მოულოდნელი, რომანტიკული ნაცნობობის ალბათობა. თუმცა ასევე გაიზრდება სიყვარულში თავის მოტყუების ან პარტნიორის შეცდომაში შეყვანის ტენდენციებიც. ეს პერიოდი იდეალური იქნება ფსიქოლოგებისთვის, ხელოვანებისთვის, დიზაინერებისა და შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. მათ ცხოვრებაში საგრძნობლად გაიზრდება პროდუქტიულობის დონე.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები