თუკი თქვენ გასული შაბათ-კვირა რაიმე ახალი საქმიანობის წამოწყებას მიუძღვენით, ან გაცილებით უკეთესი – ახალ, რომანტიკულ ნაცნობობას ჩაუყარეთ საფუძველი ახალმთვარეობაზე – მომილოცავს, წინ საინტერესო მოვლენები გელოდებათ. მზე სასწორის ზოდიაქოშია, მასთან ერთად, იუპიტერიც და ამ წყვილს მალე, უკვე 7 ოქტომბრიდან მერკურიც შეუერთდება, რომელიც პრაქტიკულ ქალწულის ზოდიაქოს დატოვებს და ჰაეროვანი სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რათა მზესა და მერკურის ჯეროვანი კომპანია გაუწიოს.
მოკლედ, სიყვარულის, სილამაზის, ესთეტიკური სიამოვნებების მიღების დროა მეგობრებო. ეს ის დროა, როცა ადამიანებს შორის გაცილებით უფრო ემოციური, ნამდვილად “ადამიანური” ურთიერთობები მყარდება და ჩვენი გადაწყვეტილებები, თუნდაც მკაცრად საქმიანი, ხშირად პიროვნულ სიმპათიებზე უფრო იქნება დაფუძნებული, ვიდრე ცივი გონებით გაანგარიშებაზე. ადამიანები გაცილებით უფრო მეტად იქნებიან მიდრეკილნი მოუსმინონ ერთმანეთს და ურთიერთის პოზიცია თუ არ გაიზიარონ პატივი მაინც სცენ მას. სანამ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ეს “სამეული” კულიმინირებს, გაადვილდება იურიდიული ტიპის საკითხების მოგვარება, სასამართლო დავები, შესანიშნავი დროა იურისტებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის. ასევე მათთვისაც, ვისი პროფესიაც მოდას, დიზაინს, არქიტექტურას და რეკალამა-პიარს უკავშირდება. არანაკლებ კარგი პერიოდია საგამომცემლო საქმიანობისთვის, სწავლებისთვის, თრენინგების დასაგეგმად.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლანეტა მარსის თხის რქის ზოდიაქოში მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში პრინციპულობა, დასახული მიზნებისკენ სვლის სურვილი, ჯანსაღი ამბიციურობა და სტრატეგიულად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარი ბიზნესის სფეროში, ერთი-ორად გააქტიურებულია.
5 ოქტომბერს მარსისა და იუპიტერის დაძაბული ასპექტი ერთი-ორად “აახმაურებს” პოლიტიკურ სპექტრს და მაღალ ეშელონებს. აქტიური გახდება ცხარე დებატები და დაპირისპირებები იდეოლოგიური თუ პოლიტიკური საკითხების გარშემო. გამორიცხული არ არის ისიც, რომ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს არცთუ სახუმაროდ დაუპირისპირდნენ. 7 ოქტომბერს სიტუაციას ასევე გაამძაფრებს, მზისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტი, რომელიც თავის მხრივ ადამიანებში ლიდერობის დაუძლეველ სურვილს, გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევის ტენდენციას და სიტუაციის ტოტალურ კონტროლზე აყვანის მოთხოვნილებას გამოიწვევს ბევრში.
მოკლედ, არჩევნებისწინა დღეები საკმაოდ აქტიური და ემოციებით სავსე იქნება. თუმცა ყველაფერ ამას ასე თუ ისე დაარეგულირებს კვირის შუა პერიოდში მერკურის სასწორის ნიშანში გადაბარგება და იმედს ვიტოვებ, რომ მოპაექრე მხარეებიც შედარებით ცივილური ფორმით გააგრძელებენ საკუთარ “ბრძოლას” ოპონენტებთან.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ოქტომბრის პირველი ორი კვირა საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რასაც ვერ ვიტყვით თვის ბოლო დეკადაზე – ამ დროს უკვე მრისხანე მორიელი დაიკავებს ცის კაბადონს და მას მარსი-სატურნის ფეთქებადსაშიში კომბინაცია დაემატება. (კარგია ის, რომ ამ პერიოდამდე არჩევებს “გადავაგორებთ”) თუმცაღა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ მომდევნო კვირის პროგნოზში. ჯერ კი არსებული, ჰარმონიული პლანეტარული განლაგება უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, წარმატების მისაღწევად და სიცოცხლის ყოველი წუთის დასაფასებლად.
Prev Post
სხვა სიახლეები