კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 4-10 იანვარი

ახალი კვირა ახალი კალენდარული ათვლით და საკმაოდ საინტერესო, დინამიკური ასპექტებით დაიწყო ცაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოთქმა: „ახალი წელი ახალი გამოწვევებით“ – სრული სვლით გაამართლებს საკუთარ შინაარსს.
უკვე 5 იანვრიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაზე გადადის, რაც, თავის მხრივ, ადამიანებს შორის კომუნიკაციის გართულებას მოიტანს. ამას გარდა, ამ პერიოდში, 25 იანვრის ჩათვლით, არ არის მიზანშეწონილი ახალი პროექტების წამოწყება, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა. მერკურის უკუმავლობის გამო ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება შესაძლოა, არცთუ მაინც და მაინც წარმატებული აღმოჩნდეს თქვენთვის. ტექნიკას შეიძლება წუნი აღმოუჩინოთ, შეთანხმებები კი სავსებით შესაძლებელია სამომავლოდ არ შესრულდეს ან სულაც კაბალური აღმოჩნდეს თქვენთვის. ამიტომ სასურველია, მსგავსი ტიპის ქმედებები იანვრის ბოლო დეკადისთვის გადაიტანოთ.
კვირის მანძილზე, მერკურის ნეგატიური პოზიციონირების გარდა, აქტიური იქნება ასევე მარსი-მერკურის დაძაბული ასპექტებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია სირთულეები მგზავრობისას, გაზრდილია, ზოგადად, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. იმატებს ახლო წრის ადამიანებთან (დები, ძმები, ნათესავები, მეზობლები) კონფლიქტისა და გაურკვევლობების ალბათობაც. ადამიანებში მაქსიმალურად მოიმატებს კონფლიქტურობისა და სიტყვიერი აგრესიის კოეფიციენტი. შესაძლებელია, კონფლიქტი აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდანაც კი დაიწყოს. ამიტომ ზემოთ ხსენებულ პერიოდში მეტი სიმშვიდე, დიპლომატია და ლოიალურობა უნდა ვაიძულოთ საკუთარ თავს, რათა თავიდან ავიცილოთ ნეგატიური მოვლენები და ემოციები, რომელიც დაუგეგმავ კონფლიქტებს მოჰყვება თან.
3-7 იანვრის შუალედში დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ კრედიტების, გადასახადების, ვალებისა და საერთო ბიუჯეტის განკარგვის თემებს, იმიტომ რომ ზუსტად ამ თემების გამო შეიძლება წარმოიქმნას დაპირისპირება თქვენსა და თქვენს ახლო გარემოცვას შორის.
კვირის მანძილზე კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, სტრეს -ასპექტი შეიქმნება ვენერასა და ნეპტუნის ნეგატიური კომბინაციის გამო, რაც პირად ურთიერთობებში ტყუილის, ინტრიგების, ღალატისა და ქაოსის ალბათობას ერთი-ორად გაზრდის. ამიტომ ზემოთ ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტად დაფასდება თქვენი მხრიდან პარტნიორის მიმართ გამოვლენილი გულწრფელი ნაბიჯები, მოთმინება, მიმტევებლობა და სიმშვიდე. რომელიც უკვე კვირის ბოლოს საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება, ვენერისა და სატურნის დადებითი ასპექტების გამო. ბევრ ჩვენგანს მიეცემა საშუალება, პარტნიორულ კავშირებში გონების ძალით მართოს მოქმედების სადავეები.
3 იანვრიდან პლანეტა მარსი პოზიციას იცვლის და დიპლომატიური სასწორის ნიშნიდან, აგრესიულ, მებრძოლ მორიელში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს როგორც ფარული, ისე ღია დაპირისპირებების ალბათობა, როგორც ლოკალური, ისე გლობალური (მსოფლიო პოლიტიკის) მასშტაბით, რასაც, თავის მხრივ, კვირის შუაგულში მზისა და პლუტონის შეერთება ამბიციების სიუხვეს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს და სხვებზე კონტროლის მძაფრად გამოხატულ ტენდენციებს დაამატებს ბონუსად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები