კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი, რამაზ გიგაური კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“20-26 ოქტომბერი
/© რამაზ გიგაური/
ეს პერიოდი და საერთოდ, ოქტომბრის მესამე დეკადა ამბივალენტური იქნება. ერთი მხრივ, გაგრძელდება ის მძიმე და ემოციური ფონი, რომელიც მიმდინარე თვეში იგრძნობა (კონკრეტულად ეს იქნება: ფრუსტრაციის განცდა, ფინანსური სირთულეები და მოულოდნელი კრიზისები). მეორე მხრივ, შესაძლებელი იქნება ახალი ურთიერთობების გაშლა, საინტერესო ნაცნობობა ან რაიმე ღირებულის — მატერიალური თუ სულიერი ფასეულობის მოპოვებაც.
წყლის სტიქია გაძლიერებულია, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ემოციური რეაქციების გაცნობიერება და მართვა, ისევე როგორც შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ამ ასპექტების კონტროლი წარმატების მიღწევის ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტად იქცევა.
☿ ☌ ♂
20 ოქტომბერი – მერკური-მარსის შეერთების პიკია. აქედან გამომდინარე, მოიმატებს კამათოს, დაპირისპირების, სკანდალის და ტრავმის ალბათობა. ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვებს, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ რაიმე უხეშად ვთქვათ, ან სხვამ ჩვენი ნათქვამი არასწორად გაიგოს. დადებითი კუთხით, კარგი დროა ბიზნესში ცვლილებების შესატანად, რაიმეს მოცილებისთვის ან დასრულებისთვის. თუმცა, ამავე დღეს მთვარე-ვენერას შეერთება მიანიშნებს სასიკეთო ცვლილებებზე ხელოვნებასთან დაკავშირებით.
🌑 ♎
21 ოქტომბერს – ახალმთვარეობაა (თბილისის დროით, 16:25 საათზე). კარგი დღეა ახალი იდეების მოფიქრებისთვის და მომდევნო ერთთვიანი პერიოდის დაგეგმვისთვის. განსაკუთრებით თუ ეს შეხვედრებს, მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს ეხება. თუმცა, ეს ახალმთვარეობა ასევე მიანიშნებს ძალაუფლების და რესურსებისთვის ბრძოლის კიდევ უფრო გამწვავებაზე. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საბუთების გაფორმება. ძალიან კარგია სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია და ვიზუალიზაცია.
♆♓
22 ოქტომბერს რეტროგრადულად მოძრავი ნეპტუნი თავის ნიშანში – ვერძიდან თევზებში დაბრუნდება (2027 წლის 27 იანვრამდე). ეს მიანიშნებს, რომ 2011 წლის გაზაფხულიდან შექმნილი ბუნდოვანი და ილუზიური ტენდენციები უახლოეს სამ თვეში დასასრულს მიუახლოვდება. მოკლევადიან პერიოდში კი, ეს იქნება 2025 წლის მარტის შემდგომ დაწყებული პროცესების კიდევ ერთხელ გადახედვა და შეცდომების გამოსწორება. ეს სამთვიანი პერიოდი წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, ვისი საქმიანობაც უკავშირდება სულიერებას, მისტიციზმს, მედიცინას (განსაკუთრებით ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიას), ხელოვანებას (უფრო პოეზია და მუსიკა).
☉ ♏
23 ოქტომბერს (თბილისის დროით 07:51-ზე) მზე მორიელის ნიშანში გადავა. ეს კიდევ უფრო გააქტიურებს წყლის სტიქიის ენერგიას, რაც ნიშნავს მიზანსწრაფვის, ნების, ბრძოლისუნარიანობისა და ვნებათაღელვის გაძლიერებას. შესაბამისად, 22 ნოემბრამდე — მზის მორიელში ყოფნის პერიოდში — მოსალოდნელია მრავალმხრივი ტრანსფორმაციები, როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე.
საერთოდ, 23–24 ოქტომბერი წარმოადგენს ამ ერთკვირიანი პერიოდის პიკურად რთულ ფაზას. მოსალოდნელია ფეთქებადსაშიში სიტუაციები, კრიმინალის მატება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა საბუთებთან, ფინანსებთან და პირად ქონებასთან მიმართებაში. კონფლიქტურ რეგიონებში იზრდება მასობრივი დაბომბვების, თავდასხმებისა და ტრაგიკულ მოვლენათა ალბათობა.
☉ □ ♇
24 ოქტომბერს მზისა და პლუტონის კვადრატი გააქტიურებს მანიპულაციურ, ფარულ და საეჭვო რეპუტაციის მქონე პირებს. ამიტომ 24–25 ოქტომბერს რეკომენდებულია სიფრთხილე როგორც უცნობ ადამიანებთან, ისე ვირტუალურ სივრცეში. ფულის გასესხება/ფინანსური ვალდებულებების აღება მოსალოდნელია სერიოზული რისკის შემცველი იყოს.
♂ ☌ ⚸
26 ოქტომბერი (+/- 1 დღე) მარსისა და ლილიტის შეერთების პიკია. იზრდება აგრესიული ფონი, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე ბასრ საგნებთან, ტექნიკურ დანადგარებთან და მოწყობილობებთან, ტრანსპორტთან, ცეცხლსასროლ იარაღთან მიმართებაში. მატულობს ტრავმებისა და ფატალური შეცდომების ალბათობა.
☿ △ ♃ / ♄
თუმცა 24–26 ოქტომბერს პარალელურად მერკური იმყოფება ტრინში იუპიტერთან და სატურნთან, რაც ძალიან პოზიტიურ და კონსტრუქციულ ტენდენციებსაც ააქტიურებს. ეს ასპექტი განსაკუთრებით ამსუბუქებს 24–26 ოქტომბრის დაძაბულ ენერგეტიკას — შესაძლებელია მხარდაჭერა და პერსპექტივები უფროსი ასაკის ან ავტორიტეტულ პირებთან ურთიერთობებში, აგრეთვე უცხოელებთან, განათლებასა და ცოდნის თემებთან დაკავშირებული წარმატებული შესაძლებლობების შექმნა.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები