კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9 -15 ნოემბერი

ნოემბერი ძალებს იკრებს და ძალებს იკრებს მორიელის დესტრუქციული ენერგეტიკაც. ეს ყველაფერი კი ამ ეტაპზე, მით უმეტეს მიმდინარე კვირის მანძილზე მერკურის პრიზმაში ჰპოვებს გამოვლინებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელისთვის დამახასიათებელი ექსტრიმი მერკურისთვის დამახსიათებელ პროფესიებზე გავრცელდება – მერკური კი პირველ რიგში კომუნიკაციაზე, ინფორმაციის მიღებ-გაცემაზე აგებს პასუხს. ამიტომ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ – მიმდინარე კვირა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთმნიშვნელოვნად არ იქნება მოსაწყენი და ერთფეროვანი. ეს ის პერიოდია, როცა საზოგადოების ყურადღებას სხვადასხვა ტიპის ინფორმაციული შანტაჟის ელემენტებიც მიიპყრობს. მორიელი საიდუმლოებებზე აგებს პასუხს, მერკურთან მისი ალიანსი კი (ამჟამად მერკური ზუსტად რომ მორიელის ზოდიაქოს გადის) გამოიწვევს იმას, რომ გარკვეული აქამდე დახურული ინფორმაცია საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში “გაჟონავს” – შემთხვევით. ეს ყველაფერი კვირის დასაწყისში გაცილებით უფრო აქტუალური იქნება იმიტომ რომ, ზუსტად 9-10 ნოემბრის შუალედში შექმნის მერკური სექსტილს პლანეტა პლუტონთან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ზემოხსენებული მოვლენების ალბათობას. ამიტომ ამ პერიოდში ურთიერთბრალდებები და ინფორმაციული ომი გადამწყვეტ ფაზაში შევა საზოგადოების ყველა სფეროში.
ეს ის დღეებია, როცა მაქსიმალური სიმშვიდისა და ლოიალურობის გამოჩენა გვმართებს ასევე ჩვენი უახლოესი გარემოცვის, და-ძმების ან ახლო წრის ნათესავების მიმართ. კვირის დასაწყისში ზუსტად ამ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები წამოიწევს წინა პლანზე და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას. შეეცადეთ ნაკლებად ჩაერთოთ კონფლიქტში ამ მხრივ და რაც ყველაზე მთავარია, მოეშვით ენამწარეობას.
10-11 ნოემბერი შედარებით სტაბილური პერიოდია ახალი საქმეების წამოსაწყებად, ძველი და უკვე დრომოჭმული ჩვეულებებისგან თავის დასაღწევად, ფინანსური მოლაპარაკებების საწარმოებლად. ეს კარგი დროა სწავლისა და თვითშემეცნებისთვის, იმიტომ რომ მზის და იუპიტერის დადებით ასპექტი ხელს შეუწყობს ადამიანებში ინტელექტუალური მონაცემების გააქტიურებას. გარდა ამისა, 11 ნოემბერს ახალმთვარეობას ველით მორიელის ნიშანში, რის ხარჯზეც ახალმთვარეობის შემდგომი პერიოდი საკმაოდ დადებითად აისახება ახალი რომანტიკული ნაცნობობის განვითარებაზე, მოგზაურობასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება ამ პერიოდში საერთო ბიუჯეტის განკარგვის, ალიმენტებისა და სასამართლო დავების თემით თუ დაკავდებით. იმიტომ რომ, ალბათობა მათი გადაჭრისა, თანაც პოზიტიური შედეგით საკმაოდ დიდი იქნება.
უკვე 12 ნოემბრიდან კი ასტროლოგიურად ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვხდებით – აღმავალი კარმული კვანძი იგივე რაქუ სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან, რომელშიც იგი უახლოესი წელიწადნახევრის მანძილზე იმყოფებოდა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი პერიოდი დაიწყება ქალწულის, კუროს, თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის. გარდამტეხი წლები კი მოდის მათთვის ვინც 1969-70, 1978-79, 1997-98 წლებს შორის დაიბადა.
12 ნოემბრიდან პლანეტა მარსიც შეიცვლის მდებარეობას და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნიდან, რომელსაც იგი უახლოესი ერთი თვის მანძილზე იკავებდა სასწორის ზოდიაქოს მიაშურებს. ეს მარსისთვის არცთუ ჰარმონიული მდებარეობაა, იმიტომ რომ მარსი ვერძის მმართველი გახლავთ, სასწორში კი ვენერით მართულ ნიშანში იგი ვერ ახერხებს აგრესიული პოტენციალის სრული სპექტრით წარმოჩენას. ამიტომ დაწყებული ამ პერიოდიდან უახლოესი ერთი თვის რადიუსში გაიზრდება ფარული აგრესიისა და დიპლომატიური მეტოქეობის პრეცენდენტები. გახშირდება სასამართლო პროცესები და დავები, რომელიც შესაძლოა აბსოლუტურად “შეთითხნილი” ბრალდებებით მიმდინარეობდეს.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები