კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 22-28 მაისი

საკმაოდ ემოციური და აქტიური, მოვლენებით დატვირთული კვირა გვიახლოვდება. ამ ყველაფერს კი განაპირობებს ის, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე აქტიური იქნება რამოდენიმე ასტროლოგიური მოვლენა. მათ შორის – ახალმთვარეობაც, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანებში ემოციური ფონის მატებას, დაუფიქრებელ საქციელს და გაუაზრებელ ქმედებებს. თუმცა მოდით, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით..
კვირის დასაწყისში მზე დინჯი კუროს ზოდიაქოდან, ანცი და მოუსვენარი ტყუპის ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით პოზიტიური პერიოდი ეწყებათ ჰაერის ნიშნის ადამიანებს – ტყუპებს, მერწყულებსა და სასწორებს. ამას გარდა მზე ტყუპებში გააქტიურებს ადამიანებში კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის უნარს. მოიმატებს ცნობისმოყვარეობაც. ზოგადად კარგი პერიოდია სხვადასხვა ტიპის შუამავლობისა და ინფორმაციული საქმიანობისთვის. არანაკლებ მომგებიანია პერიოდი სწავლის დასაწყებად ან უკვე არსებული ინტელექტუალური პოტენციალის გამოსამჟღავნებლად. განსაკუთრებით უმართლებთ უახლოესი ერთი თვის მანძილზე ჟურნალისტებს, მკვლევარებს, მწერლებს, ადამიანებს ვისი საქმიანობაც საგამომცემლო საქმიანობას უკავშირდება. შესანიშნავი პერიოდია სპორტსმენებისთვისაც.
კვირის შუაგული ერთობ დაძაბული იქნება როგორც მოვლენების ისე ემოციების მხრივ. იმიტომ რომ ვენერასა და პლუტონის ნეგატიურ ასპექტს, რომელიც თავის მხრივ პირად ურთიერთობებსა და საფინანსო-საგადასახადო სფეროებში შექმნის პრობლემებს, თან დაერთვება ახალმთვარეობაც. რაც თავის მხრივ ადამიანებში გაართულებს ემოციების კონტროლის შესაძლებლობას. ახალმთვარეობას იზრდება ასევე კონფლიქტებისა და გაუგებრობების რიცხვი. შესაძლებელია მარტივად იმოქმედოთ იმპულსურად, რაც საბოლოოდ სანანებელი გაგიხდებათ აუცილებლად. ამიტომ 24-26 მაისის შუალედში აუცილებელია რომ აკონტროლოთ ემოციები, კონტროლი გაუწიოთ ასევე საკუთარ აზრებსა და გამოთქმებს.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნაკლებად წამოიწყოთ კონფლიქტი პირად ურთიერთობებში. ერიდეთ ეჭვიანობას, ეგოიზმსა და საკუთარი პრინციპების დესპოტურ გამოვლინებას. მეტი ლოიალურობა გამოიჩინეთ პარტნიორის მისამართით. ადვილად დაუთმეთ და აპატიეთ მას. ნუ აჰყვებით ჭორებს და ნუ დაკარგავთ მოვლნების ობიექტურად ხედვის უნარს.
კვირის მიწურულს აქტიურდება მერკურისა და ნეპტუნის ასპექტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ცდუნება ვთქვათ ტყუილი (თუნდაც დადებითი მოტივაციით) საკმაოდ დიდი იქნება. თუმცაღა მეორეს მხრივ, ადამიანებში მოიმატებს კრეატიულობის დონე და ფანტაზიის უნარი, რაც თავისთავად ხელისშემწყობი ფაქტორია ისეთ პროფესიებში მომუშავე ხალხისთვის ვისი საქმიანობაც ინფორმაციის წერილობითი ფორმით გადმოცემას ან ფსიქოლოგიას უკავშირდება. ეს კარგი დროა მედიტაციისა და საკუთარ თავთან ჩაღრმავებისთვის. ამიტომ ვიქნედი შეგიძლიათ პასიურ დასვენებას დაუთმოთ. სასურველია თუკი უქმეებს გაატარებთ მდინარესთან ან წყალთან ახლოს.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები