აპრილის ბოლო კვირა, როგორც პერიოდის სრულუფლებიან “მასპინძელს” კუროს ზოდიაქოს შეეფერება, შედარებით უფრო მშვიდი და სტაბილური იქნება ბევრი ჩვენგანისთვის. მზის, მერკურისა და მარსის დადებითი ასპექტები უხვად იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალი და რაც ყველაზე მთავარია, საჭირო კავშირები დავამყაროთ, შევიძინოთ გავლენიანი ნაცნობები ან უბრალოდ, ადგილიდან დავძრათ აქამდე “დაკონსერებული” და თაროზე შემოსადებად განწირული პროექტები. თუმცა, ამ შემთხვევაში კოსმოსი წარმატების შანსებს მხოლოდ პრინციპულ, მიზანსწრაფულ და ბრძოლისუნარიან ადამიანებს მისცემს.
კარგია ეს კვირა მათთვის ვისი საქმიანობის სფეროც უცხოეთში ხშირ ვიზიტებს, ზოგადად უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და კონსტრუქციული ნაბიჯების ერთობლივად გადადგმის აუცილებლობას ითვალისწინებს. გაცილებით გამარტივდება ფინანსური ოპერაციების წარმატებით დაგვირგვინების საკითხიც. მომგებიანი შეიძლება იყოს ასევე სხვადასხვა ტიპის იურიდიულ-სამართლებრივი დავების წარმოება-გადაჭრა.
უმართლებთ საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, მწერლებსა და პუბლიცისტებს.
26-29 აპრილის შუალედში მოიმატებს რომანტიკული განწყობა. საკმაოდ მარტივად დამყარდება სასიყვარულო კავშირები, მათ შორის ინტერნეტ-კომუნიკაციის მეშვეობით. ეს პერიოდი შეიძლება წარმატებული იყოს ვებ-ინდუსტრიასა და სახელოვნებო სფეროებში მომუშავე ინდივიდებისთვის,ტანსაცმლის დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის.
გამორიცხული არ არის მოიმატოს აზარტულ თამაშებში – კაზინოებში ან სხვადასხვა ტიპის ლატარიებში მოგების ალბათობამ. ასევე ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ექნება ადგილი მოულოდნელ (თუმცა მოკლევადიან ან სულაც ერთჯერად) შემოთავაზებას, რომელიც მას საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას ჰპირდება.