“კესარია მოვკალი იმიტომ, რომ…” – საბედისწერო დღის ქრონოლოგია: რა თქვა ბექა ჯაიანმა და რატომ ჰქონდა მას კესარიას ტელეფონი

დანაშაულის იარაღი, დანა, საქმეში დევს. ბრალდებულს თან ჰქონდა მოკლულის მობილური ტელეფონიც. გაასუფთავა თუ არა მიმოწერები და სხვა ფაქტები, გამოძიება დაადგენს.
პროკურატურის განცხადებით, ბექა ჯაიანთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა. ჩვენი ინფორმაციით, ბექა ჯაიანი­ ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონია, რომ კესარია აბრამიძე ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში ბექა ჯაიანთან ერთად გადაღებული ფოტო. არსებული ინფორმაციით, პოლიციის ფარულ ჩანაწერში ჯაიანი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები რომ ნახა, ამიტომ მოკლა კესარია აბრამიძე. როგორც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, ბრალდებული ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას აპირებდა. ეს ინფორმაცია მათ ტაქსის მძღოლმა მიაწოდა.
პროკურორის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილია არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, რასაც მოწმეების ჩვენება და მტკიცებულებები ადასტურებს.
“ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან კონტაქტს, არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის საშუალებას და არც იმის უფლებას, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გავრცელებულიყო. ბექა ჯაიანმა გენდერული იდენტობისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან კესარია აბრამიძე ტრანსგენდერი ქალია და არ სურდა მასთან ურთიერთობის გამჟღავნება, სტერეოტიპული და მესაკუთრეობრივი დამოკიდებულების გამო მიაჩნდა, რომ კესარია აბრამიძეს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვისა და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლება – თქვა სასამართლო პროცესზე პროკურორმა და დასძინა – დარწმუნებულები ვართ, მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და უვადოდ თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს. მას რომ განზრახული ჰქონდა კესარია აბრამიძის მოკვლა, ადასტურებს ბრალდებულის ჩვენებაც ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც ის აღიარებს, რომ სურდა სიცოცხლე მოესპო მისთვის”.
მეზობლებისა და მეგობრების მონათხრობით, კესარიას და ბექა ჯაიანს თითქმის ორწლიანი ურთიერთობა­ აკავშირებდათ. მამაკაცი ქალის ბინაში დიდხანს ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ბინიდან ხშირად ისმოდა მათი ჩხუბის ხმა, მათ შორის მეზობელ კორპუსში, საითაც კესარიას აივა­ნი გადიოდა, მაგრამ პოლიციაში არავის დაურეკავს. არც თავად კესარიას მიუმართავს სამართალდამცავებისთვის მაშინაც კი, როცა რამდენიმე თვის წინ ტვინის შერყევით საავადმყოფოშიც მოხვდა და ამაზე სოცსელში თავადაც წერდა.
“ამ ზამთარს იჩხუბეს, მაშინ მეზობლებმა გადაარ­ჩინეს კესო, გააგდეს ის კაცი. კესოს მეზობლებთან­ ძალიან კარგი ურთიერთობა­ ჰქონდა, თბილი ადამიანი იყო, ღიმილით მოგვიკითხავდა”, – ამბობს მეზობელი თინა. ამ ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია ჰქონდა ჟურნალისტ მაია ასათიანსაც. როგორც ამბობს,­ რამდენიმე თვის წინ კესარიასგან გაიგო, რომ სცემა პარტნიორმა, კესარია შერიგებას არ აპირებდა, რადგან მისი ეშინოდა. სხვა მეგობრებთანაც უთქვამს, რომ ბექა ჯაიანი სცემდა და მისი ეშინოდა.
“მე პრაქტიკოსი ქოუჩი ვარ და კესარიამ დახმარებისთვის მარტში მომმართა. საოცარი ადამიანი იყო, კეთილი, თბილი. ხშირად ვსაუბრობდით და ბოლოს მეგონა,­ დაასრულა ის ურთიერთობა, ეს თავად მითხრა. საუბედუროდ, მოძალადეს არაფე­რი აკავებს. ბოლო დღეებში სთორებზე სულ გვქონდა რეაქციები და კომენტარებსაც ვუწერდით ერთმანეთს, მაგრამ არ დამირ­ეკავს, ძალიან დაკავებული ვიყავი… რატომ გაიმეტა ასე სასტიკად, გამოძიება დაადგენს”, – ამბობს ქოუჩი თეკლა.
კესარია ერთხანს თურქეთში ყოფილა და ჯაიანი თურმე მაშინაც ემუქრებოდა, მაგრამ ისევ შერიგდებოდნენ და აგრძელებდნენ ურთიერთობას. კესარიას ბევრი მეგობარი ამბობს, რომ 26 წლის ბექა ჯაიანი კესარიას ხშირად ემუქრებოდა და სიძულვილით გამსჭვალულ მესიჯებს უგზავნიდა. მოკლულის მეგობარმა, თამუნა მუსერიძემ, გაასაჯაროვა აპრილში მიწერილი­ ხმოვანი­ შეტყობინებები, სადაც კესარია აბრამიძე ამბობს, როგორ ემუქრებოდა ბექა ჯაიანი: “ერთი თვეა დაშორებული ვართ, მაგრამ ეს ერთი თვე სულ მივარდებოდა სახლში და უარესებს აკეთებდა. წამოსული რომ ვარ, მაინც მიდის სახლში და მაინც არ მანებებს თავს… ჩამოდი, ჩამოდი, მანიპულირებს, მენატრები და ამბები… მერე თავის ძმაკაცმა მითხრა, მაგიტომ გიბარებს, რომ იძახის, დავბრიდავ და თავსაც მოვიკლავო,­ ეხლა მაგას ესე ვუყურო, ვერ ავიტანო… სულ მეუბნებოდა, თუ დაგშორდები, დაგბრი­დო მირჩევნია, ჩემ მერე სხვასთან წახვიდე, ვერ ავიტანო. ნუ ეგეთი ტიპია რა, ავადმყოფი… რომ დავშორდი, ვითომ წამლები დალია და თავს იკლავდა, ოღონდ ვითომ კამერით დამანახა და თვითონვე მივიდა საავადმყოფოში ამოსარეცხად… აი, ესეთი მანიპულატორი ტიპია… უეჭველი ვიცი, მაინც მომადგება, ან თბილისში გადამეყრება უეჭველი და რაღაც მოხდება… რა ვქნა არ ვიცი, დაჭერაც არ მინდა და რა გავაკეთო”.
ამ ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კესარია ძალადობის მსხვერპლი. ამას სოცქსელში თავადაც წერდა. ერთ-ერთი ბოლო სტატუსი ასეთია:
,,მოგესალმებით, მეგობრებო, თითქმის 2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში. ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციისთვის… აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას!­ მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც­ გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი. წლებს ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში! მიუხედავად იმისა, ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა ეს”.
როგორც კესარიას მეგობრები ამბობენ, ისინი სთხოვდნენ გაეწყვიტა­ ურთიერთობა ბექა ჯაიანთან, მაგრამ არც ჯაიანი ანებებდა თავს და კესარიასაც უყვარდა ის.
“არა მგონია, ფეისბუკზე ფოტოები მასთან შეთანხმების გარეშე დაედო. ვიცი, რომ კესო არ ურიგდებოდა, ის კი სისტემატურად ურეკავდა და შერიგებას სთხოვდა. სხვა­თა შორის, ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა. მეგობრები წინააღმდეგი ვიყავით ამ ურთიერთობის, მაგრამ კესარია არ გვიჯერებდა, ამბობდა, რომ უყვარდა, მოკვლით ვერ მომკლავს, რადგან მასაც ვუყვარვარო­. მე ვიცოდი, რომ ბოლოს დაშორებული იყვნენ”, – ამბობს კესოს მეგობარი.
მეგობრები ადასტურებენ, რომ ბექა ჯაიანთან ერთად გადაღებული ფოტოები ფეისბუკსა და ინსტაგრამზე კესარიამ ატვირთა. მოგვიანებით კი ინსტაგრამიდან პოსტი წაიშალა. რამდენიმე მეგობარს ისიც სცოდნია, რომ იმ ღამეს ჯაიანი შესარიგებ­ლად და ხელის სათხოვნელად უნდა მისულიყო. თურმე ამაზე ხმოვანი შეტყობინება კესარიამ რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა და ქორწილშიც დაპატიჟა.
მათი ორწლიანი ურთიერთობის ამბავი სცოდნია ბექა ჯაიანის ოჯახსაც. მედიაში გავრცელდა დედის ინტერვიუ, ამბობს,­ რომ იმ დღეს კესარია აბრამიძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ ბექას მისი ცოლად მოყვანა გადაწყვეტილი ჰქონდა. უკითხავს, შენ თუ ხარ თანახმაო. არსებული ინფორმაციით, დაკითხულია ბრალდებულის მამაც…
ბექა ჯაიანი სენაკელია, თუმცა დიდი ხანია თბილისში ცხოვრობს. “ეს ამბავი ტელე­ვიზიით გავიგეთ. წარმოუდგენელია, როგორ მოკლა ასე სასტიკად ადამიანი. სენაკში ცუდ რამეში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. არც ის ვიცოდით, რომ კესარიასთან ჰქონდა ურთიერთობა”, – ამბობს მეზობელი.
მართალია, მშობლები ირწმუნებიან, რომ ძალადობაზე არაფერი იცოდნენ, მაგ­რამ ბრალდებულის ბებიამ თქვა, რომ მის შვილიშვილს კესარია­ აშანტაჟე­ბდა: “შანტაჟს მოჰყვა ეს ყველაფერი, კესო ეუბ­ნე­ბ­ოდა, ცოლად მომიყვანეო. არ მოუკლავს­ ბექას, იქ რაღაც­ დოკუმენტები იქნება კიდევ”.
ტაქსის მძღოლი, რომელმაც მკვლელობის ადგილას მიიყვანა ჯაიანი, ჩვენებაში ამბობს, რომ ბექა ჯაიანი მამიდას ესაუბრებოდა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებოდა.
მოკლული ტრანსგენდერი ქალის ფოტო მოქალაქეებმა პარლამენტის შენობის უკან მიიტანეს და სანთლები დაანთეს – ასე მიაგეს მის ხსოვნას პატივი…
რა ჩვენებას მისცემს ბრალდებული სასამართლოს, ეს და სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბრისთვის დაინიშნა.

წყარო: https://kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები