კატებზე ზრუნვა საცხოვრებლის სანაცვლოდ — უჩვეულო პროგრამა საბერძნეთის კუნძულზე

საბერძნეთის კუნძულზე — სიროსი — არასტანდარტულმა პროგრამამ უცხოელების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ უსახლკარო კატებზე ყოველდღიური ზრუნვის სანაცვლოდ.

პროგრამას კურირებენ ადგილობრივი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები )Syros Cats და God’s Little People Cat Rescue), რომლებიც წლებია კუნძულზე ქუჩის კატების ჯანმრთელობასა და რაოდენობის კონტროლზე მუშაობენ.

მოხალისეები იღებენ პასუხისმგებლობას როგორც თავშესაფრებში მყოფი ცხოველების, ისე ქუჩაში მცხოვრები კატების მოვლაზე. სამუშაო გრაფიკი საშუალოდ დღეში ხუთ საათს, კვირაში ხუთ დღეს მოიცავს. მათი მოვალეობებია ცხოველების გამოკვება, სისუფთავის დაცვა, გრუმინგი, დამფრთხალი კატებისა და კნუტების სოციალიზაცია, ვეტერინარულ შემოწმებებზე თანხმლება და სტერილიზაციის პროგრამებში მონაწილეობა.

ორგანიზატორების განმარტებით, სწორედ სისტემატური სტერილიზაცია და მუდმივი ზრუნვა იძლევა შესაძლებლობას, ქუჩის კატების პოპულაცია სტაბილური გახდეს და მათი ცხოვრების პირობები გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს — განსაკუთრებით კუნძულებზე, სადაც ეს პრობლემა კვლავ მწვავედ დგას.

პროგრამის სანაცვლოდ მოხალისეები იღებენ უფასო საცხოვრებელს — როგორც წესი, ცალკე საძინებელს საერთო სამზარეულოსა და სააბაზანოს გამოყენების შესაძლებლობით. დაფარულია კომუნალური ხარჯები და უზრუნველყოფილია საუზმე. მგზავრობის, ასევე სადილისა და ვახშმის ხარჯებს მონაწილეები თავად იხდიან.

ინიციატივა ცხოველთა დაცვის პრაქტიკულ და მდგრად მოდელად განიხილება, რომელიც ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევას საერთაშორისო მოხალისეების ჩართულობას უთავსებს. აქ მთავარი აქცენტი რეგულარულ და ხანგრძლივ მუშაობაზე კეთდება — რაც სიროსის ეკოსისტემას და ასობით უსახლკარო კატას რეალურ დახმარებას უწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები