კარგა ხანია ვწვალობ, ყოველი მარხვის შემდეგ მქონდა იმედი… – როგორ გახდა ნათია ფანჯიკიძე ვეგეტარიანელი

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ვეგეტარიანელი გახდა. ამის შესახებ იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„ნიკუშ! დედა ვეგეტარიანელი გახდა!” – ერთი ამოვიკნავლე, ხორცს აღარასდროს შევჭამ-მეთქი და არ გააცია, წამსვე მიახარა კატომ ნიკუშას.
საყვარელი გოჭების ვიდეოს მაჩვენებდა, დედა ღორი ღრუტუნით რომ უმღეროდათ და აღმომხდა, მათი დაკვლის დამკვეთი მე აღარ ვიქნები-მეთქი. კაცმა რომ თქვას, კარგა ხანია ვწვალობ, ყოველი მარხვის შემდეგ მქონდა იმედი, ასეც გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ ცილებზე დამშეული “ასე” ვეღარ ვაგრძელებდი.
„იცი რამდენი საშინელება მინახავს? საშინელებებს შენ არ გაჩვენებ ხოლმე, ძალიან მგრძნობიარე ხარ და გიფრთხილდები” – კატოს დამიხედეთ! ამხელა  კარატისტ ქალს თავი ლომი, ვეფხვი და უარესი რომ მგონია, თურმე, ფარფატა, ემოციურ არსებად მთვლის. თურმე, რაც გაიზარდა, ჩემი ქალიშვილი, ფიქრობს, რომ ის უფრო ძლიერია და ემოციურ სტრესს (ის მე და არა მე მას) მარიდებს,  ჩემს ვეგეტარიანელად ქცევას ვიდეოსტრატეგიით – “ნახე, რა საყვარელიათი” ცდილობს და არა – “ნახე რა სისასტიკეათი”.
კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, კატო გოჭების კვლის წინააღმდეგია, მაგრამ გოჭებზე მეტად მე ვუყვარვარ.
მოკლედ, სულ რამდენიმე დღეა მკვდარი არაფერი მიჭამია და არც ვიცი, შიმშილით გული რომ მიმდიოდეს, კიდევ თუ გავბედავ. კატომ უკვე დამარქვა სახელად ვეგეტარიანელი. დილემაა, ან გაბატკანება, ან შვილის იმედგაცრუება.
რა გაეწყობა, ილაღეთ, გოჭებო, მხიარულად კენკეთ, ინდაურებო, იკუნტრუშეთ, ბატკნებო და ხბოებო! თქვენ ჩემგან თავისუფლები ხართ!”

კომენტარები

სხვა სიახლეები