რუსეთში, კამჩატკის ოლქში, ქალაქ პეტროპავლოვსკში სკოლის მოსწავლე გოგონამ ცეცხლმოკიდებული სახლიდან 5 ბავშვი გამოიყვანა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საგანგებო ვითარების სამსახურის რაიონული განყოფილება ავრცელებს.
სავჩენკოს ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ შეტყობინება ქალაქის სახანძრო განყოფილებაში 15 ოქტომბერს, დილით შევიდა. ხანძარი სამოთახიან ბინაში მოხდა, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.
15 წლის კარინა, იმ მომენტში, როდესაც მას მეზობლის 8 წლის გოგონამ დასახმარებლად მიმართა, მეცადინეობდა.
“მან მითხრა, რომ სახლში ხანძარი გაჩნდა და დახმარება მთხოვა. მე მეზობლის სახლში შევედი და დავინახე, რომ ერთ-ერთ ოთახში ხანძარი მძვინვარებდა და ყველაფერი უკვე დაკვამლიანებული იყო”, – ყვება სკოლის მოსწავლე გოგონა.
როდესაც კარინამ ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაინახა, ხელში აიყვანა და თავის სახლში წაიყვანა, სადაც მეზობლის ორ ბავშვს და თავის ორ ძმას თბილად ჩააცვა და პირთან სველი ტილოები მიადო.
ამის მერე გოგონამ ბავშვებთან ერთად აიყვანა კატები და შენობიდან გაღწევა სცადა. სადარბაზოში, როგორც თავად გოგონა ამბობს, ყველაფერი ძალიან დაკვამლიანებული იყო. სწორედ ამ დროს, მის დასახმარებლად მეხანძრეებიც მოვიდნენ.
სხვა სიახლეები