ერთი ასწორებს, მეორე კითხულობს, მესამე წერს, მეოთხე არის თავისთვის, მეხუთე კადრებს იღებს და მერე ამონტაჟებს. დანარჩენები საკუთარ როლებს ასრულებენ. სჭირდები, გიცინიან, არ სჭირდები, თავს გარიდებენ.
კამერის ჩრდილს ამოფარებული ოპერატორი უჩინარია. ყველაფერს ხედავს, მას კი იშვიათად ამჩნევენ. გადასაღები მასალა ცდილობს, ობექტივის მახვილმა თვალმა რამენაირად შეამჩნიოს. ოთხკუთხედი მოწყობილობა ხომ ყველას იმახსოვრებს და თუ მოუნდა, პოპულარული საღებავებით გაგაფერადებს.
დგას თავისთვის ჩუმად. კადრებს არჩევს… სულ მალე მის წინ დიდებული თამაში გაჩაღდება. თამაშს მხოლოდ ერთი წესი აქვს: ძლიერი მოთამაშე აუცილებლად სუსტ მოწინააღმდეგეს ხვდება. პარტია იმდენხანს გრძელდება, რამდენსაც ძლიერი ფალავანი მოითხოვს.
უზარმაზარ მაგიდაზე ნელ-ნელა ლაგდება კადრები. უჩინარი კაცი ერთს მეორეზე აწყობს. მესამესა და მეოთხეს ადგილებს უცვლის და შემდეგ ერთბაშად რეცხავს. მზეზე გაშრობის შემდეგ ძლიერი მოთამაშე იცვამს გაუთოვებულ მასალას და თუ მოუხდა, ოპერატორის ჯადოსნურ მაგიდას სიგრძე ავტომატურად ემატება.
ლექსო მიგრიაული