მარიკა თხელიძემ “ცეკვავენ ვარსკვლავები” პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საზოგადოების, გულშემატკივრების, თაყვანისმცემლების, მსმენელისა და მაყურებლებისგან მიღებული მხარდაჭერის გამო ვფიქრობ, ვალდებული ვარ მოგიყვეთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკავშირდება ტელეპროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
მიწვევისთანავე შემოთავაზებას აზარტით და დიდი მონდომებით დავთანხმდი. თანხმობა, რომელსაც სიამოვნება და მეტი მოტივაცია უნდა მოჰყოლოდა დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. მოუგვარებელი დეტალები, რომლებიც პროდიუსერებსა და ხელმძღვანელ სუბიექტებს უკავშირდებოდა გადმოგვდეს ჩვენ, მიწვეულ ვარსკვლავებს და ნეგატიურად დაგვმუხტეს იმ დროს, როცა მხოლოდ ცეკვაზე უნდა მეფიქრა და პირველ რიგში იმაზე, რომ მაყურებელი მაქსიმალურად კმაყოფილი ყოფილიყო შოუთი.
ძალისხმევა არ დამიშურებია, თუმცა არსებულს დევიდის მიმართ გამოხატული უსამართლობაც დაემატა.
მორიგ ეტაპზე გაჩნდა ჩაცმის პრობლემაც, მექნებოდა თუ არა სასცენო კოსტიუმი დროულად და რეალურად ყველაფერი ექსტრემალურად ვითარდებოდა. პასუხიმსგებელი პირები ტელეფონის ზარსაც არ პასუხობდნენ…
კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ რამდენიმე პირდაპირი ეთერის დროს, თავად როგორც ნახეთ, ზარებსა და მესიჯებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ცხადდებოდა. ჯერ თითქოს უფასო იყო, შემდეგ თქვეს რომ ფასიანია, რის გამოც გულშემატკივრებთან თავი უხერხულად ვიგრძენი.
მე არ მქონდა პასუხი მაყურებლის კითხვაზე, რატომ არ ცხადდებოდა მიღებული ზარების საერთო რაოდენობა და კონკურსანტების ნომერზე დაფიქსირებული კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი.
ჟიურის დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი კომენტარები, რის გამოც ერთ-ერთმა მონაწილემ პირველმა დატოვა პროექტი, თავადაც გახსოვთ. გვჯეროდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს მიდგომა შეიცვლებოდა, მაგრამ ჩვენი წყვილის მისამართით უფრო გამძაფრდა. უცნაურია, რომ მე და დევიდს, ყოველთვის გვრჩებიდა განცდა, რომ სხვისი შეცდომების გამო სცენაზე ჩვენ უნდა გვეგო პასუხი.
ყოველდღიურად რვა-ცხრა საათი ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ მაყურებელამდე სრულყოფილი შოუ მიმეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული მონაწილეები არ ვართ პროფესიონალი მოცეკვავეები, ეს თითქოს ყველას ავიწყდებოდა და იმის მაგივრად კონკრეტული რჩევა მოეცათ, კისერი გაგვესწორებინა თუ ფეხი, მოვისმინე, რომ მოუქნელი ვარ და პირიდან ცეცხლს ვერ ვაფრქვევ.
უნდა იცოდეთ, რა ქმნის მაღალი ხარისხის შოუს და ისიც, ფსიქოლოგიურად როგორ ვისტრესებოდით ორშაბათიდან-ორშაბათამდე.
ვწუხვარ!!! იძულებული ვარ ასეთი გადაწყვეტილება მივიღო – მე ვტოვებ პროექტს და უარს ვეუბნები ადამიანებთან გულგრილ, არაპროფესიონალურ და ზერელე დამოკლიდებულებას. უარს ვეუბნები ყველას, ვისი შეცდომის გამოც მე მივიღე სტრესი. ვისი შეცდომის გამოსწორებაც ექსტრემალურ პირობებში მე მიწევდა სცენაზე. ვისი მონდომებითაც ჩემი შრომა და ძალისხმევა გადაიფარა.
ეს პროექტი უკვე წარსულია, ამიტომ ვიცეკვებ სხვაგან, სხვა დროს და სხვა სივრცეში. სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით.
პატივისცემით, თქვენი მარიკა თხელიძე”.