მხოლოდ ბაბილონია გამონაკლისი, რომლის ორმა ღირსშესანიშნაობამ, დაკიდულმა ბაღებმა და ქალაქის კედელმა დაიმკვიდრეს მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ადგილი. თუმცა მას შემდეგ არაერთი საოცრება აღმოაჩინეს ამ დიდებულ, ძველთაძველ ქალაქში.
ორ მდინარეს, ევფრატსა და ტიგროსს შორის მდებარე ბაბილონი, იქ სადაც ახლა დღევანდელი ერაყია, დიდწილად ხელახლა აშენდა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში, მისი მეფის, ნაბუქოდონოსორ მეორის მიერ. მეფემ ქალაქის აშენებისას ლურჯ, წითელ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი მთრთოლავი, მოჭიქული აგურები გამოიყენა. ბაბილონის მდიდარი, დიდებული ტაძრები, აკლდამები და სასახლეები აღწერილია ჰეროდოტეს დროიდან მოყოლებული ძველი სახარებით დამთავრებული. თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალზე ყოფნისას, ბაბილონში 200 000 ადამიანი ცხოვრობდა და იგი მსოფლიოში უდიდესი მეტროპოლია იყო.
ყველა ამ ბრწყინვალების სიმბოლო ვიზიტორებისთვის ქალაქის გაცნობისას იშტარის მონუმენტური ჭიშკარი გახლდათ, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვამდე 575 წელს აშენდა; მომინანქრებული იყო აგურებით, კობალტის ლურჯი და დიდი ოდენობით მწვანე ფერებით და მასზე 575 ფრთოსანი ურჩხულისა და ხარის ბარელიეფები იყო დეკორირებული. როცა გერმანელმა არქეოლოგებმა დაიწყეს ქალაქის გათხრები, 1899 წელს, იქ ათასწლეულების სიძველის განმაცვიფრებელი ბრწყინვალება, მათ შორის ჭიშკრის დიდებულებაც, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.
1899 წელს რობერტ კოლდვეის თაოსნობით დაწყებული გათხრები გაგრძელდა და მის ჯგუფში შემავალმა არქეოლოგებმა 1902 წელს მიწიდან ამოთხარეს იშტარის ჭიშკარი, უძველესი ბაბილონის ბრწყინვალების ყველაზე ძლევამოსილი სიმბოლო.
გათხრები 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გამო შეჩერდა. ოთხი წლის შემდეგ ომი დასრულდა და ოტომანთა იმპერია – გერმანიის მოკავშირე ომში და იმ მიწების მფლობელი, სადაც ჭიშკარი აღმოაჩინეს – განადგურდა. მაგრამ გერმანელებს ჯერ კიდევ შეეძლოთ ამ ტერიტორიის ოკუპაციის მომხდენ ბრიტანულ ჯარებთან ურთიერთობა, რომ თავიანთი ზოგიერთი აღმოჩენის, მათ შორის ჭიშკრის, იშტარის, ბერლინში გადატანა მოეხდინათ. ის რაც 1920-იან წლებში მნახველებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, არ იყო მთლიანი ჭიშკარი, და ვერც იქნებოდა, და არც ამჯერად არის, რადგანაც იგი ძალიან დიდი ზომისაა. მიუხედავად ამისა, მან მაინც შეძლო ათასწლეულობით მიწაში ჩაკარგული ძველთაძველი ბაბილონის ბრწყინვალებისათვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა.
ამბავი ორ ტირანზე მონათხრობიდან
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კიდევ ერთი დიდი არქეოლოგიური გათხრები წამოიწყეს, ამჯერად იტალიელი არქეოლოგის თაოსნობით. მას შემდეგ რაც, 1979 წელს ერაყის სათავეში სადამ ჰუსეინი მოვიდა, მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. სადამ ჰუსეინი ღრმად იყო შთაგონებული, რომ იგი არა უბრალო სუნიტი მუსლიმი, არამედ ბაბილონიანთა გმირული ხაზის პირდაპირი შთამომავალი იყო. ამდენად, მან 1980-იან წლებში აღნიშნული ადგილმდებარეობის აღდგენა დაიწყო. ჰუსეინმა უძველესი პრნციპების გათვალისწინებით ჭიშკრისა და ნაბუქოდონოსორის სასახლის ასლები ბაბილონელი მეფის სტილში ააშენა და თან დაურთო თავისი წარწერები.
სადამ ჰუსეინის ნაბუქოდონოსორთან პარალელების გავლება გაკვირვებას არ იწვევს. ნაბუქოდონოსორმა მიწასთან გაასწორა ფინიკიელების ქალაქი სიდონი, დაამარცხა ეგვიპტური არმია და ჩვ. წ. აღრიცხვამდე 587 წელს დაარბია და გაძარცვა იერუსალიმის სოლომონის ტაძარი; სადამის სამხედრო აგრესია ირანსა და შემდეგ ქუვეითში, ხომ საყოველთაოდ ცნობილია.
ყოველთვის, როცა კი ნაბუქოდონოსორის ჯარისკაცები ახალ ტერიტორიებს იპყრობდნენ, ისინი მონებად იხდიდნენ ადგილობრივებს და ძარცვავდნენ მათ საგანძურებს. სწორედ მისი დამონებული მუშახელითა და ნაძარცვით ააგო ნაბუქოდონოსორმა ბაბილონელთა დედაქალაქი. მან დაასრულა მისი მამის სასახლე, თავისი ცოლისთვის გააშენა დაკიდული ბაღები და ააგო ბაბილონის კედლები, დიდწილად კი იმ სიფრთხილის გამო, რომ ჩვ, წ. აღრიცხვამდე მე-8 საუკუნის ებრაელი წინასწარმეტყველის, ისაის ცნობით, ქალაქი დაეცემოდა.
ბოლოს და ბოლოს ძველი ბაბილონი დაეცა, ისე როგორც სადამის ერაყი, რამაც ქვეყნის უძველესი არტეფაქტების კონსერვაციის პრობლემა წარმოშვა. 2003 და 2004 წლებში უძველესი ქალაქის არქეოლოგიური ადგილმდებარეობა, მათ შორის იშტარის ჭიშკარი და ნინმაჰის ტაძარი ამერიკელმა და პოლონელმა ჯარისკაცებმა სამხედრო ბაზად აქციეს და იქ ვერტმფრენების დასაჯდომიც კი მოაწყვეს.ბრიტანეთის მუზეუმის მიერ წარმოებული კვლევების მიხედვით, ზარალი დიდი იყო. არქეოლოგიური ადგილმდებარეობის 300 000 კვ. მ. დაფარული იყო ოქროსფერი ქვიშით, რომელიც ასევე აბინძურებდა ამოუთხრელ სივრცესაც. არქეოლოგიურ ბორცვებზე ტრანშეები იყო გათხრილი; მასზე მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა. დაზიანებული იყო ამ უძველეს მიწაზე დარჩენილი იშტარის ჭიშკარი და მასზე გამოსახული დრაკონების ფიგურები. 2 600 წლიანი ომების, ძარცვისა და დაუდევრობის შემდეგ, როგორც ჩანს, ეს ადგილი თავის ყველაზე საიმედო მტერს წააწყდა.
დღეს ძნელია ითქვას, თუ რა ბედი მოელის აქაურობას და ამ დიდებულ სიძველეებს. მანამდე კი ბერლინის პერგამონის მუზეუმში მისულთ, რომელსაც ჭიშკრის ყველაზე დიდი ფრაგმენტი აქვს მნხაველებისთვის ხელმისაწვდომი, შესაძლებლობა გააჩნიათ დაჟინებით და გაკვირვებით უმზირონ მას, უბრალოდ ისე, როგორც ეს ნაბუქოდონოსორს ჰქონდა განზრახული.
წყარო: guardian.ge